ეძებს თუ არა სახელმწიფო კრიმინალურ ავტორიტეტს - ''ლავასოღლის'' საქმე

14 სექტემბერი 2018, 00:00 1784 ნახვა

მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი", კანონიერი ქურდი საქართველოს მართლმსაჯულებამ სისხლის სამართლის დამნაშავედ 2017 წლის 21 ივლისს გამოაცხადა და მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მიუსაჯა.

ლავასოღლის პროკურატურა კანონიერი ქურდობას, 2015 წლის 24 თებერვალს ჟურნალისტზე მუქარასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ედავებოდა.

პროკურატურამ ერთხელ უკვე გასამართლებულ ლავასოღლის, 2018 წლის 18 ივლისს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა, ამჯერადაც მას ქურდული სამყაროს წევრობასა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობას ედავება.

გუშინ, სასამართლო სხდომაზე, კრიმინალური ავტორიტეტის ადვოკატმა თქვა, რომ გორაძეს საქართველოში არ უშვებენ.

მისი მტკიცებით, კანონიერ ქურდს სურს საქართველოში ჩამოსვლა, საზღვართანაც იყო მოსული, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა არ მისცეს.

"გორაძეს ეუბნებიან, რომ მისი ადგილი აქ არ არის," - ამბობს ადვოკატი, მაგრამ არ აკონკრეტებს რომელ უწყებას, ან ვის გულისხმობს „ლავასოღლი“.

თავის ადგილმდებარეობას არ მალავს დამნაშავედ აღიარებული "ლავასოღლი" და არც მისი ადვოკატი, თუმცა საქართველოს პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ მიმართა თუ არა თურქეთის ხელისუფლებას კანონიერი ქურდის დაკავებისა და გადმოცემის შესახებ. კითხვაზე საქართველოს პროკურატურაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა გაატარებს ყველა საჭირო სამართლებლივ ღონისძიებას".

იძებნება თუ არა ინტერპოლის საშუალებით კანონიერი ქურდი? შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავის ძიების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. 

ამავე კატეგორიაში