ენა, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება

28 ოქტომბერი 2022, 16:41 2791 ნახვა

"ყოველი ენა არის მძლავრი იარაღი სამყაროს შესაცნობად. ენით ვეცნობით სამყაროს,  ვაზროვნებთ.  თუ ეს იარაღი დავკარგეთ და სხვის ენაზე დავიწყეთ ფიქრი, მაშინ ჩვენი იდენტობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“ - ამბობს აფხაზური ენის ფილოლოგი, ენათმეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე.

ენათმეცნიერი მიიჩნევს, რომ აფხაზური ენის გადარჩენა, ზრუნვა და განვითარება ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი საზრუნავია. თეიმურაზ გვანცელაძის თქმით, კონფლიქტის მოგვარების დროს, ენა ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა, კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მისივე თქმით, კონფლიქტიდან 30-წლიან პერიოდში, ენგურს გაღმა და გამოღმა, ახალი თაობები გაიზარდა, რომლებსაც არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილება, რაც დიალოგს აფერხებს.  

აფხაზური ენა შეიძლება უახლოეს 20-წელიწადში საერთოდ გაქრეს - ესაა დასკვნა, რომელიც იუნესკომ, რამდენიმე წლის წინ მოამზადა და აფხაზური ენა, გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ სხვა ენების ნუსხაში შეიტანა.

აფხაზური ენის ფილოლოგიის მკვლევარი, მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ გვანცელაძე გვეუბნება, რომ იუნესკოს მიერ დაფიქსირებული საფრთხე რეალურია. ამბობს, რომ აფხაზური შეიძლება საერთოდ გაქრეს, ამაზე ზრუნვა კი, ქართული სახელმწიფოს ვალია.


  • როგორია ვითარება აფხაზური ენის დაცვის კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რამდენად იგრძნობა რუსული ენის გავლენა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სასწავლო დაწესებულებებში?

თეიმურაზ გვანცელაძე ამბობს, რომ აფხაზურ ენას 1925 წლიდან სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს  მინიჭებული, მაგრამ მას არასოდეს შეუსრულებია მისი მთავარი ფუნქცია. მეცნიერი მიზეზს საბჭოურ სისტემაში ხედავს, რომელიც  ფორმალობასა და ფასადურუბას ეფუძნებოდა.

"დღესაც კონსტიტუციაში უწერიათ რომ აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომ ამ ენაზე უნდა იყოს საქმის წარმოება, განათლება, თუმცა ეს ასე არ ხდება. სკოლის პირველ საფეხურზე მყოფი ბავშვი სწავლობს მშობლიურ ენას, თუმცა მე-5 კლასიდან  რუსულ ენაზე სწავლობენ ყველა საგანს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ  ბავშვებს აჩვევენ რუსულად აზროვნებას“, - ამბობს გვანცალაძე.

მისივე თქმით, ბოლო ცნობებით, აფხაზმა ენათმეცნიერებმა კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელების დაახლოებით 40%-მა არ იცის მშობლიური ენა. ენათმეცნიერი ამბობს, რომ  თუ ტენდენცია  გაგრძელდა, ნახევარ საუკუნეში აფხაზური ენა, საერთოდ გაქრება.

ენათმეცნიერის შეფასებით,  პირველ რიგში საჭიროა, შესაბამისი სასკოლო ლიტერატურის შექმნა. მისივე თქმით, დეფიციტია კვალიფიციური პედაგოგებიც. 

მისივე თქმით, აფხაზური ენა მოთხოვნადი და პრიორიტეტული რომ გახდეს, აუცილებელია სტუდენტებისთვის წამახალისებელი სტიპენდიებისა და სხვა რესურსების შექმნა.

წარმოშობით ჩერქეზი აფხაზი, აიდამირ კოზანოყვა, ახლა ოჯახთან ერთად  რამდენიმე თვეა  თბილისში ცხოვრობს. მან სკოლა აფხაზეთში დაამთავრა, თუმცა აფხაზური ენა არ იცის.

აიდამირი ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში პრიორიტეტული რუსული ენაა.  სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში კი, საუბარი და საქმისწარმოება აფხაზურ  ენაზე არ მიმდინარეობს.  მიაჩნია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტაში, მთავარი როლი ახალგაზრდებს ენიჭებათ.


  • რამდენი ეთნიკურად აფხაზი და ქართველი მოსწავლე სწავლობს დღეს აფხაზურ ენას სკოლებში?

ამ კითხვით, ჩვენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, თუმცა უწყებამ კანონით დათქმულ ვადაში ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პრესსამსახურმა სიტყვიერად გვითხრა, რომ  აღნიშნული ინფორმაციას არ ფლობენ და მათ კომპეტენციას ცდება. პასუხის მისაღებად, აფხაზეთის განათლების სამინისტროში გადაგვამისამართეს. აღმოჩნდა, რომ არც ამ უწყებას აქვს აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.

როგორც გავარკვიეთ, დღეისათვის იმ საჯარო სკოლებში, სადაც აფხაზური ენა ისწავლებოდა, ზოგან პედაგოგის არარსებობის ან მოსწავლეთა დაბალი ინტერესის გამო გაუქმდა აფხაზური ენის შემსწავლელი კურსი, ზოგან კი, პანდემიის დროს შეწყვეტილი სწავლება ჯერაც  არ განახლებულა.

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც აფხაზური ენა ისწავლებოდა, თუმცა დღეის მდგომარეობით შეჩერებულია. აქ აფხაზური ენის შემსწავლელი კლასი 2017 წელს გაიხსნა

18-წლის ნინი ჯაიანი, ერთ-ერთია, რომელმაც  არჩევით საგნებს შორის აფხაზური ენა აირჩია, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. როგორც ის ამბობს, აფხაზურს პანდემიის დაწყებამდე აქტიურად  სწავლობდნენ, თუმცა მოგვიანებით, გაურკვეველი მიზეზებით  სწავლება შეჩერდა. ნინი ამბობს,  რომ რუსული ენის ცოდნას, აფხაზური ენის სრულყოფილად შესწავლა ერჩივნა, რადგან აფხაზური ენა მისთვის მე-2 სახელმწიფო ენაა.


ფოტო: არქივი.


ანელლა გაბლია აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი  ეთნიკურად აფხაზია. როგორც  ამბობს, აფხაზური ენა მისი სულის ნაწილია.  პედაგოგი, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში აფხაზურ ენას, ორ კლასს, 2017 წლიდან ასწავლიდა, თუმცა 2020 წლიდან აფხაზური ენის კლასი გაუქმდა. იმედი იმისა, რომ აფხაზური ენის სწავლება  განახლდებოდა, გაუცრუვდა.

ამბობს, რომ აფხაზურ ენას არა მარტო ეთნიკურად აფხაზებს, არამედ ქართველ მოსწავლეებსაც ასწავლიდა.  მოგვიანებით,  (ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უთხრეს, რომ ენის სწავლება აღარ გაგრძელდებოდა, მიზეზად კი აფხაზური ენის სწავლების მსურველების არასაკმარისი  რაოდენობა დასახელდა.


  • რატომ გაუქმდა აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფი ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში, მაშინ როცა აჭარაში ეთნიკურად აფხაზი ოჯახები, მათ შორის კომპაქტურად, დღემდე ცხოვრობენ?

აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელი სულიკო თებიძე გვეუბნება, რომ  ეს იყო აფხაზური ენის წრე, სადაც ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო ენის შესწავლა.  მე-14 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შეჩერების მიზეზად, ის ენის შესწავლის მსურველთა არარსებობას ასახელებს.

მისივე თქმით, თუ მსურველები იქნებიან, სწავლება აღდგება. ამბობს, რომ აფხაზური ენის პედაგოგებს, „საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვთ“, დაახლოებით 370 ლარი, "შესაბამისად, მოტივაციის პრობლემა არ არსებობს“.

ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აფხაზური ენის შესწავლა სამინისტროს პრიორიტეტებშია, საპირწონედ კი, ფერიის სკოლაში არსებული აფხაზური ენის წრეს ასახელებს.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში არსებული 13 საჯარო სკოლიდან, აფხაზური ენა მხოლოდ ხუთში ისწავლება, ესენია: ზუგდიდის ორი, ჩხოროწყუს, სენაკის და თბილისის საჯარო სკოლები.  მიზეზად სკოლის ადმინისტრაციები პედაგოგების დეფიციტს, დაბალ ანაზღაურებასა და მოტივაციის არქონას ასახელებენ. მათივე თქმით, არჩევის დროს, მშობლები და მოსწავლეები უპირატესობას, რუსულ და ინგლისურ ენებს ანიჭებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა შონია ამბობს, რომ   სამინისტოს მიერ იმ ხუთი პედაგოგის ხელფასებისთვის, რომლებიც აფხაზური ენის სწავლებით არიან დაკავებული, ჯამში 1750 ლარი იხარჯება. შონიას თქმით, აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება აფხაზური ენის კვირეულები. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ირიცხებიან და არც სწავლის საფასურს იხდიან.

"ჩვენ ვცდილობთ აფხაზური ენის პოპულარიზაციას, მაგრამ სამწუხაროდ გლობალიზაციიდან გამომდინარე, დღეს, პრაგმატიზმს უფრო სხვა ენაში ხედავენ ბავშვები. სამინისტროს ინიციატივით, დამწყებთათვის შეიქმნა აფხაზური ენის შემსწავლელი სასკოლო ლიტერატურა. ასევევ შექმნილია აფხაზური ენის სახელმძღვანელო“- აცხადებს ხათუნა შონია.

მისივე განცხადებით, არის პედაგოგების დეფიციტიც, რაც შეიძლება დაბალი ანაზღაურებით იყოს განპირობებული.


  • რამდენად შეუძლია ენას იქცეს კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ მნიშნელოვან იარაღად და რა როლი აკისრია აფხაზურ ენას ამ კუთხით?

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი თქმით,  ენას როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ იარაღს, მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და იგი მხარეებს შორის ნდობის, შერიგების და მშვიდობის დამკვიდრების  გასაღებია.

"აფხაზური ენა მხოლოდ აფხაზური ენის დაცვის დღეს არ უნდა გვახსენდებოდეს.  ესაა მთავრობის პოლიტიკის დონეზე გადასწყვეტი საკითხი. თუ კი საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ აფხაზური არის მეორე სახელმწიფო ენა, მაშინ დროა, ამ ენაზე  ვიზრუნოთ.  ჩვენ არაფერს არ ვაკეთეთებთ ამ ენის გადასარჩენად“,- აცხადებს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის თქმით, ენა რომ კონფლიქტის მოგავრების იარაღად იქცეს,  მთავარია გავაანალიზოთ, თუ როგორ ვსაუბრობთ მხარეები ერთმანეთთან და  როგორ გვესახება ჩვენ ამ კონფლიქტის მოგვარების გზები.  ამბობს, რომ კატეგორიულად დაუშვებელია  სიძულვილის ენის გამოყენება.

მიიჩნევს, რომ  საუბრით მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის დამყარებას უნდა შეეწყოს ხელი  და არა მათ დაშორებას.

"ენასთან ერთად საჭიროა დიალოგის, შერიგების და სწორი პოლიტიკის წარმართვა. დღეს აფხაზეთში რუსიფიკაცია მიმდინარეობს. ყველა სკოლაში თანაბრად უნდა ისწავლებოდეს აფხაზური  ენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი იდენტობის გადასარჩენად“,- აცხადებს კონფლიქტოლოგი.


ექსპერტი ამბობს, რომ თუ გვინდა რომ ქართულმა საზოგადოებამ შეინარჩუნოს აფხაზური ენა,  პირველ რიგში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობისა და აპარატის თანამშრომლები უნდა ფლობდნენ ამ ენას.

ჰიბრიდული ომების ექსპერტი დავით ძიძიშვილი ამბობს, რომ ენა ყოველთვის გამოიყენებოდა, როგორც ზეგავლენის მოხდენის იარაღი. მისივე თქმით, ინტეგრაციიისთვის აუცილებელია,  აფხაზებმა თავი იგრძნონ  ქართული სახელმწიფოს სრულფასოვან წევრებად.

"უნდა ვაჩვენოთ რომ აფხაზური ენა ჩვენთვის პატივსაცემია, რომ ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ მის დასაცავად, ვიდრე რუსული მხარე“,- ამბობს ძიძიშვილი.

მისივე თქმით, ამაში გადამწყვეტი როლი სკოლას ენიჭება. ძიძიშვილის აზრით, კლასში 2-3 ბავშვიც, რომ სწავლობდეს აფხაზურ ენას, როგორც საგანი, უნდა შენარჩუნდეს.  კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ექსპერტი ამახვილებს ყურადღებას, ინფორმაციის აფხაზურ ენაზე გავრცელებაა. მაშინ, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში,  საინფორმაციო საშუალებები სრულად გადაეწყვნენ რუსულ არხებზე. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალი ამბები აფხაზურ ენაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ყოველდღიურად, რამდენიმე საათით უნდა გადაიცემოდეს.  


2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შესაბამისად, საქართელოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 864 აფხაზი მოქალაქე ცხოვრობს.


  • რამდენი ეთნიკურად აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მათივე განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება რიგი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით.

უწყების ცნობით, აფხაზური ენის შენარჩუნება, განვითარება და დაცვა მათი ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია.

"სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, შემუშავებული პროგრამები და გახსნილი შესაძლებლობები მიმართულია, ერთი მხრივ, ხალხთაშორისი კომუნიკაციის, დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და უკეთესი მომავლის პერსპექტივების უზრუნველყოფისკენ.

2021 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე მიღწეული შედეგების შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას, ასევე საჭიროებებზე მორგებული ახლებური მიდგომების შემუშავებას და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით",- აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

 

 

 

მასალა განკუთვნილია მედიაკონკურსში მონაწილეობისათვის. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში