მეუფე, შემთხვევით არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ სიტყვის დასასრულს, ის მამა იყო ჩვენი და ვალია მართლაც, გავაგრძელოთ მისი დიდი საქმე - შიო III მეუფე დანიელს

12 მაი 2026

მინდა მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვის და დალოცვისთვის, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ მეუფე დანიელმა თავის სიტყვაში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ახსენა, შიო მესამის ნაცვლად, რადგან პატრიარქის თქმით, მათი ვალია ილია მეორის დიდი საქმის გაგრძელება.

„მინდა მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვის და დალოცვისთვის. მეუფე, შემთხვევითი არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ვართ მისი ოჯახი, ის ჩვენი დიდი მამა იყო და ჩვენი ვალია გავაგრძელოთ მისი დიდი საქმე და ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ელისე წინასწარმეტყველის ამბავი, რომ სთხოვდა უფალს, რომ მრჩობლი მადლი მიეცა მისთვის, ილია წინასწარმეტყველის მრჩობლი მადლი და აი, წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ ელისე წინასწარმეტყველს ეწოდებაო მრჩობლი ილია, ასეთი საოცარი შედარება მოჰყავს, საოცარ სახელს უწოდებს. იმიტომ, რომ ის ევედრებოდაო, რომ მრჩობლი მადლი მიეღოო, ვიდრე ილია წინასწარმეტყველსო, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ევედრებოდაო, რომ უნდოდა გასჯიბრებოდა ან ეჯობა, ან ილიაზე უკეთესი ყოფილიყო, არა! არამედ იმიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს, რომ გრძნობდა, რომ ორმაგად და სამმაგად უფრო უძლურია ილიასთან შედარებით, სწორედ ამიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს და ამიტომ ეწოდა მას მრჩობლი ილია.

 

და თქვენ, როდესაც ახსენეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მე ძალიან გამიხარდა, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან მრჩობლი მადლი, ვიდრე მას ჰქონდა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება“, - აღნიშნა შიო მესამემ.