ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა

13 იან 2026

ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობის ადგილი ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პროექტირების პროცესში ჩართულ ქართველ და ამერიკელ არქიტექტორებთან ერთად მოინახულა.

ქუთაისის მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან — Gensler — და ქართულ კომპანია „დემარკთან“ თანამშრომლობით ამზადებს.

ამერიკული კომპანია, რომელიც 1965 წელს დაფუძნდა, საქართველოში პირველ პროექტს სწორედ ამ მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის ფარგლებში ახორციელებს.

5 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციურ სივრცეებს მოიცავს, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით ქუთაისს მისცემს შესაძლებლობას უმასპინძლოს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სპორტულ და სხვა ტიპის ღონისძიებებს.

ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი, 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი, მრავალფუნქციური პარკის აშენებას გეგმავს.