ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში - იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები განცხადება​ს ავრცელებენ

20 ივლისი 2022, 11:40 751 ნახვა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები - ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი განცხადებას ავრცელებენ. რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, სადაც ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას ა.შ.შ.-ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი კევინ ბურკი შეხვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში და ამერიკის ელჩის სახელით, ანგარიში მოსთხოვა განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთ-ერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე (თუ რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა საპატიმრო სასჯელი ნიკა გვარამიას მიმართ). ამის შემდეგ კი, ამ თანამშრომელმა მას აცნობა, რომ, ამ ვითარების გათვალისწინებით, იგი ამორიცხული იყო იმ 6 მოსამართლის სიიდან, რომლებიც სულ რამდენიმე დღეში სასწავლო პროგრამით მიემგზავრებოდნენ ა.შ.შ.-ში. ერთი მხრივ, აღნიშნული ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო მეორე მხრივ, კი ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან, ანალოგიურად, უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ. ნამდვილად დასაფასებელია აგრეთვე იმ 5 მოსამართლის პოზიცია, რომლებმაც, პროფესიული ღირსებისა და სოლიდარობის ნიშნად, ასევე უარი თქვეს აღნიშნულ ვიზიტით გამგზავრებაზე.

თუმცა ჩვენთვის საკმაოდ სამწუხაროა, რომ სასამართლო კორპუსი და მით უმეტეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქამდე რატომღაც საერთოდ თავს იკავებს, აქტიურად არ ეხმიანება და შესაბამის შეფასებას არ აძლევს მომხდარს და მხარდაჭერას არ უცხადებს მოსამართლე ლ. ჩხიკვაძეს. ამ ფონზე, კიდევ უფრო დასაფასებელია ამ მოსამართლის პირადი გამბედაობა, რომ მან ასეთი თამამი განცხადება გააკეთა და. პირველ რიგში, არა უკვე თავისი, არამედ სხვა კოლეგებისა და მთელი სასამართლო სისტემის - მომავალში მსგავსი ჩარევებისგან დასაცავად, გაბედული ნაბიჯები გადადგა. პრაქტიკულად, სიმართლისთვის ბრძოლა მას ჯერჯერობით ინდივიდუალურად უწევს.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეცდება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ამისდა მიხედვით, გარკვეული გრადაცია და რაღაც ხათრისა თუ თავშეკავების გამოჩენა, სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას ჩანასახშივე ანადგურებს.

 

სწორედ ამ პასიურობამაც გადაგვაწყვეტინა ჩვენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრებს (რომლებსაც დიდი დრო არ არის გასული, რაც უფლებამოსილების ვადა გაგვივიდა) განცხადების გაკეთება.

 

ცხადია, მომხდარი ფაქტი არის საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. სამწუხაროდ, ამ ბრალდებაზე პასუხს ადრესატმა ელჩმა პრაქტიკულად გვერდი აუარა, რაც უკვე უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს. დღემდე ვერ მიიღო მოსამართლემ პასუხი, ამ განაჩენის გამო „დაისაჯა“ თუ არა იგი, ვიზიტიდან ამოღების სახით.

 

თუმცა აქ, გარდა მოსამართლის მომხდარი ისტორიისა, ჩვენ კიდევ უფრო დიდ ყურადღებას გავამახვილებთ ზოგადად კიდევ უფრო სამწუხარო გლობალურ და სისტემურ პრობლემებზე, რაც სწორედ მოსამართლეთა ვიზიტებს უკავშირდება. ეს არამართებული პრაქტიკა ჩვენი საბჭოში მუშაობის დროსაც აქტიურად გამოიყენებოდა. კერძოდ, საუბარია აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაზე, სადაც ზოგადად სასამართლო სისტემის ადმინისტრირების ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი პრაქტიკულად უგულებელყოფილია. რეალურად, ამ მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დე ფაქტო იგნორირების პირობებში ფუნქციონირებს და არანაირი ვიზიტის ფორმატის, მასში მონაწილე მოსამართლეთა შემადგენლობის, თუ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრების ან ლექცია-სემინარების თემების, როგორც ექსპერტ, ისე მონაწილე მოსამართლეთა სიის განსაზღვრასა და შერჩევაში ჩართული არ არის. მოსამართლეებს პირდაპირ ინდივიდუალურად უკავშირდებიან საელჩოს თანამშრომლები (ხშირ შემთხვევაში ეს იყო საელჩოს ის თანამშრომელი, რომელიც მოსამართლე ლ. ჩხიკვაძეს ესაუბრა - კევინ ბურკი (რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში სპეციალური ოთახი აქვს გამოყოფილი და იქ ზის ხოლმე) და/ან მისი მრჩეველი ეკა ფოფხაძე) და მათ რთავენ დელეგაციებში, უგეგმავენ ვიზიტებს და იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ლექცია-სემინარზე და ა.შ. იუსტიციის საბჭო გამოიყენება მხოლოდ ტექნიკურად, როცა უკვე არჩეულ მოსამართლეთა გადმოგზავნილ სიაზე, ვიზების მისაღებად შუამდგომლობას ითხოვს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე.

 

ამ კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად თუ სხვა „რაიმე მიზეზის“ გამო, სასამართლო სისტემაში არსებობენ ერთი და იმავე რანგის მოსამართლეები, რომლებიც თავიანთი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით (რომელთაგან ზოგი ერთხელ, ზოგი კი არაერთხელაცაა ნამყოფი ვიზიტით ამერიკაში), არცერთი პროგრამით და სასწავლო ვიზიტით არცერთხელ არ არიან აშშ-ში ნამყოფი, რაც ასევე არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

ასევე საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ ლექცია-სემინარებზე საელჩოსგან ექსპერტ და ე.წ. „ტრენერთა“ შერჩევაშიც ანალოგიური ცალმხრივი დამოკიდებულებაა, რაც გარკვეული ფავორიტიზმის ნიშნებს ატარებს. ბოლო წლებია თითქმის სულ ერთი და იგივე 5-7 მოსამართლეა მათი ღონისძიებების ექსპერტებად თუ ე.წ. „ტრენერებად“ სისტემატურად, ისევ ანალოგიური წესით, საელჩოს თანამშრომლების მიერ ცალმხრივად შერჩეული და კატეგორიულად მოთხოვნილი თითქმის ყველა ფორმატში. მათ პროფესიონალიზმს ცხადია არავინ აკნინებს, თუმცა სისტემაში 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეა, რომელთაგან ასევე შეიძლება მაღალი დონის ექსპერტთა შერჩევა და ზოგჯერ ჩანაცვლება და ამ მხრივაც თანასწორი მიდგომების გამოჩენა. თუ რაიმე გადამზადებაა საჭირო, არც ეს იქნება პრობლემა. ამ შემთხვევებშიც, ცხადია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსაზრებასაც კი არ ეკითხებიან.

უფრო მეტიც აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლისა და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება. და ეს მაშინ, როდესაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ელჩი ერთხელაც არ შეხვედრია თვითონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას, არ დაინტერესებულა იმ პრობლემატიკით, ან თუნდაც მოსაზრებებით, რაც მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებობს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უცნაური და სამწუხაროა.

არ გვგონია, საქართველოში რომელიმე სამინისტროს ან სხვა დაწესებულების თანამშრომლებთან რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე პირდაპირი კომუნიკაცია ისე ხდებოდეს ან მათთან შეხვედრებზე ელჩი მარტო ისე მიდიოდეს, რომ ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელობას საერთოდ არც კი აფრთხილებდნენ.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს ამგვარი „დე ფაქტო“ იგნორირება კიდევ უფრო მეტ შეკითხვებს იწვევს და პრაქტიკულად ამ ორგანოს როლის ხელოვნურად დაკნინების აშკარა ნიშნებს შეიცავს.

საბოლოოდ, ცხადია სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები, თუ საერთაშორისო პარტნიორები თუ დონორები.

ასევე არ გვავიწყდება და ვაფასებთ იმ დონორულ დახმარებას, რომელსაც, წლების განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო, თავისი საელჩოს მეშვეობით უწევს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, თუმცა, ეს არ ქმნის გამონაკლისს და რაიმე ექსკლუზიურ უფლებას, რომ სასამართლო სისტემის შიდა საქმეებსა და/ან ადმინისტრირებაში მოხდეს რაიმე სახის ჩარევა ან დონორის მანდატს გაცდენა.

ყოველივე ამისთვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მივიღოთ პასუხები კითხვებზე. აგრეთვე კანონით მკაცრად უნდა მოწესრიგდეს ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლესთან, რომელიც ზეგავლენის მოპოვების თუ ანგარიშის მოთხოვნის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. უნდა გაიწეროს და კანონის დონეზე დარეგულირდეს ის პროტოკოლური თუ ნებისმიერი ურთიერთობა მოსამართლეებთან იმ სტანდარტებით და ფორმებით, როგორც ეს აპრობირებულია, თანამდეროვე დასავლურ ქვეყნებში“, - აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი