მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია - პოლიციამ აქციის მონაწილეებს შესასვლელის გასათავისუფლებლად ვადა მისცა ​

04 ივლისი 2022, 10:07 928 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს, ხმაური და დაპირისპირებაა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გონივრული ვადა მისცეს, რათა კანცელარიის შესასვლელი გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეები პოლიციელების მოთხოვნას არ ემორჩილებიან.

"დღეს, წესით, უნდა იყოს მთავრობის სხდომა. გვინდა შევასმინოთ მთავრობას, რომ ჩვენი აზრით არ მუშაობს, არამედ მავნებლობს და რომ ეს მავნებლობა არ მოგვწონს, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მოგვიანებით, პოლიციის ზემოქმედების შედეგად აქციის მონაწილეები სამანქანო შესასვლელიდან სამოქალაქო შესასვლელის მხარეს გაიყვანეს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ვერც გაბედა, რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ, ჩვენი პროტესტის თვალწინ ღირსეულად შესულიყო მთავრობის ადმინისტრაციაში და პოლიციას მისცა უკანონო ბრძანება, ჩვენ ამოვეყვანეთ შესასვლელიდან კიბის ზემოთ. არც ერთი კანონი არ დაგვირღვევია. არ ვკეტავდით არც გზას, არც გასასვლელს, ვიყავით აბსოლუტურად მშვიდობიანები", – განაცხადა დაჩი იმედაძემ.

ამ დროისთვის აქცია მთავრობის ადმინისტრაციის სამოქალაქო შესასვლელთან გრძელდება.

აქციის მონაწილეები სტვენითა და ხმაურით პროტესტს აგრძელებენ. ადგილზე სამართალდამცველებია მობილიზებული.

გუშინ, პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ღამის განმავლობაში დარჩნენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი