ქუთაისის მერიის შენობა შესაძლოა აუქციონზე გასაყიდად ვერ გაიტანონ. შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. გასხვისებისათვის საკრებულოს თანხმობაა საჭირო. პროცესს დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა დასჭირდება.
''ქართული ოცნების’’ დეპუტატების ხმები არასაკმარისია. ოპოზიცია თანხმობის მიცემას არ აპირებს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფლების მიმართ და ზოგადად ამ პროცესისადმი ოპოზიციას ნდობა არ აქვს.
"ჩვენ არ ვართ ქონების გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ თუ იქნებოდა კონკრეტული პირობები დაცული, მაგალითად, თუ ობიექტი გაიყიდებოდა იმ ფასში, რაც არის მისი საბაზრო ღირებულება, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, სწორედ "საპარტნიორო ფონდსა" და ივანიშვილთან დაახლოებულ ჯგუფებს სურთ ამ შენობის შეძენა. ამიტომ, ნდობა ამ პროცესის მიმართ არის ნული და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ამ საკითხს მხარი დავუჭიროთ", - ამბობს გიგა შუშანია.
ოპოზიციონერი ლიდერი პროცესში საზოგადოების ჩართულობას ითხოვს.
რუსთაველის #3-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის აუქციონზე გატანის საწყისი ფასი 16 მილიონ ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო. მის ადგილას სავარაუდოდ სასტუმროს მოწყობა იგეგმებოდა. ოთხსართულიანი შენობა, რომელშიც ათეული წლებია ქალაქის მერია, საკრებულო და იმერეთის გუბერნია მდებარეობს 3667 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და მისი საერთო ფართი 6857 კვ.მ-ია.
ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 ობიექტი გამოიტანა, რომელთა საერთო ფასი 43,746,250 ლარია.
საპრივატიზაციოდ გამოტანილ ობიექტებს შორისაა ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა, რომელიც - 10,055,000 ლარად არის შეფასებული. ტერიტორიის ფართობი 72,836 კვადრატული მეტრია. აქ შესაძლებელია მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება, სადაც საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული ფართები, სასტუმროები და სხვა გასართობი ობიექტები მოეწყობა. გასაყიდ ობიექტებს შორის არის ქუთაისის ,,პრესის სახლი’’. რუსთაველის გამზირის #37 მდებარე შენობის ფართობი - 2,845 კვ/მ-ია. საწყისი ფასი - 3,200,000 ლარი. ადგილზე სასტუმროს მოწყობაა დაგეგმილი.