კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცა.
შეთანხმების შედეგად მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელი ფუნქცია; „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა რვიდან ორ წევრამდე შემცირდება; IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.
„IDS ბორჯომის“ აქციონერები მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, „IDS ბორჯომი“, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ – აცხადებს „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს კომპანია „ბორჯომის'' დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება.
''ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა.
მეორე გარიგების მიხედვით, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის. აქედან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით და ერთი დამკვირვებელი დირექტორით. შემდგომში აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება - „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“'' - განაცხადა მინისტრმა.