კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი - შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2022, 12:46 780 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის მუშაობის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი.

„წარმოგიდგენთ პარლამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს და 2022 წლის გეგმებს. დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს საქართველოს ისტორიულ პროცესში ყოფნის დროს, როდესაც 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის განცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2669 კითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება, 3 600-გევრდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნისთვის დაუღალავი სამსახურისთვის და ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წვლილი ამ კითხვარის შევსებაში.

ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრებ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით. რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი