დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 23 მილიონი ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა - პროკურატურა 

30 მაისი 2022, 12:12 13943 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, რომელსაც 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა. 

ასევე, მსჯავრდებულს ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმება.

''საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა  იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს, რის შემდგომაც ამ ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა. 

შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.

საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო მსჯავრდებულთან დაკავშირებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებს, რითაც მას არ მიეცა მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული 8 მილიონ აშშ დოლარის განკარგვის შესაძლებლობა.

სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მილიონი აშშ დოლარი, რაც 23 მილიონი ლარის ეკვივალენტია'' - აცხადებენ პროკურატურ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში