უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მივცეთ საშუალება, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა - პრეზიდენტი

27 მაისი 2022, 12:02 692 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანია,  ჩვენს ქვეყანაში, დიასპორის წევრების ეკონომიკური ჩართულობა, ადამიანების, რომლებიც წელში არიან გამართული და შეუძლიათ რაღაცის გაკეთება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვანაირია და ბევრად უფრო მჭიდროა დღეს, იმედი მაქვს, მომავალში უფრო დაკავშირებული იქნება ქვეყანასთან. დიასპორა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ძალას უცხოეთში, პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ასეთი დიასპორა გვყოლოდა საზღვარგარეთ, მაგრამ ფაქტია, გვყავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი არიან მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის გამადიდებელნი ​და წარმომადგენლები. მაგრამ ამისთვის ერთ რამ არის ყველაზე მთავარი, ის კავშირი, რაც არსებობს დიასპორასა და ქვეყანას შორის, არ იყოს გაწყვეტილი და იყოს რაც შეიძლება მეტად გაძლიერებული. ამას სჭირდება ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში, ის, რაც დაწყებულია და ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანია, ორმაგი მოქალაქეობა კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან, რათა სწრაფად მივაღწიოთ იმას, რომ შეფერხებები, რომელიც არსებობს ამ გზაზე, მაქსიმალურად შემცირდეს, რამეთუ ქვეყნის ინტერესია, დიასპორის იმ წევრებმა, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, შეძლონ შვილებისთვის ამის მიღწევა რაც შეიძლება ადვილად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საჭიროა, დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკაში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში.

„მეორე, რაც საჭიროა იმისთვის, რათა ეს კავშირი იყოს ცოცხალი, არის მათი ჩართულობა საქართველოს ყოველდღიურ სახელმწიფო საქმეში, ანუ პოლიტიკაში. ამას სჭირდება ერთ რამ, რომ შეძლონ, წარმოდგენილი იყონ პარლამენტში. მე არაერთხელ, შარშანაც ვახსენე ეს ინიციატივა, მართალია, მე არ მეკუთვნის, ეს თქვენს ხელშია, პარტიებისა და პარლამენტის ხელში, მაგრამ აუცილებელია, როგორც ყველა ის სხვა დიდი დიასპორის მქონე ქვეყანა, მოვაგვაროთ ეს საკითხი, რათა დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავისი ინტერესების წარმომადგენლები. ჩვენ რადგან გადავდივართ სისტემაზე, სადაც აღარ იქნებიან მაჟორიტარები, ეს ვერ მოხდება მაჟორიტარობის ფორმით, მაგრამ შეიძლება, მოხდეს კვოტების ფორმით, რომ ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულება, თავის სიაში იყოს დიასპორის წარმომადგენელი. ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ დიასპორას ეცოდინება მისი ქვეყნის ხედვა. თქვენ ახსენეთ, რომ ბევრად უფრო ახლოს არიან ევროპასთან, ეს შეიძლება, კარგად გამოგვადგეს, ეს არის ერთი ფორმა მათი დაკავშირების“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა.

„მესამე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის არჩევნებში მათი მონაწილეობა. სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ და ალბათ დრო არის, გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. თან როდესაც არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყნის დედაქალაქთან, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ეს პოლარიზაციას ქვემოთ დასწევდა. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო ჩართული. ერთი არის დიასპორის სახლი, რომელიც შეიძლება, იყოს ვირტუალური სახლი. არ არის აუცილებელი, შენობა იყოს, მაგრამ იყოს ვირტუალური დიასპორის სახლი საქართველოში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებდა ყველა კითხვაზე, რომელიც დაისმებოდა დიასპორაში.

უცხოეთში როდესაც ვხვდები დიასპორის წარმომადგენლებს, მოდის მათგან ინიციატივები, რომ მზად ვართ მასტერკლასები ჩავატაროთ ზაფხულში, ჩავერთოთ სხვადასხვა მიმართულებით რეგიონებში, მაგრამ შემდეგ ამის ამოქმედება აქედან საკმაოდ რთულია, რადგან ამას არ აქვს თავისი პროცედურები. დიასპორის სახლი კი, სწორედ ამაზე იქნება მიმართული და პასუხისმგებელი, რომ ინიციატივები უპასუხოდ არ დარჩეს"-განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი