საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

23 მაისი 2022, 18:14 1094 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი, მაუწყებლის მიერ მექანიკური პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით, ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი ეხმაურება ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას,  მაუწყებლის მიერ მექანიკური პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით და სურს განმარტება გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებულ რამდენიმე დეტალზე, რომლებიც, სავარაუდოდ მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

შესყიდვის გამჭვირვალობა - ის, რომ მაუწყებელმა მექანიკური პროდუქციის შესყიდვა განახორციელა პირდაპირი წესით, კონკურსისა და ტენდერის გარეშე, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე თითქოს „ფარულად“ ან მითუმეტეს საიდუმლოდ ხდება. შესყიდვა განხორციელებულია კანონმდებლობის ყველა მოთხოვნისა და საჭირო პროცედურების დაცვით, რის შესახებაც შექმნილია შესაბამისი დოკუმენტები, როგორც საჯარო ინფორმაცია, და მისი გამოთხოვა და გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის კანონიერება - შესყიდვის ის ფორმა, რომელიც გამოიყენა მაუწყებელმა არის ცალსახად კანონიერი. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში 2018 წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამ კანონის მოქმედება აღარ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე“. შესაბამისად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ცალკეული შესყიდვების განხორციელებისას, იყენებს კანონით მინიჭებულ ამ უფლებას.

მომწოდებლის შერჩევა - მექანიკური პროდუქციის მომწოდებლის შერჩევა მოხდა შესაბამისი პროცედურების დაცვით, ბაზრის კვლევის საფუძველზე. კერძოდ, მაუწყებლისთვის საჭირო მექანიკური პროდუქციის შესაძენად მოკვლევა ჩატარდა ორჯერ. ორივე შემთხვევაში წინადადებები დაეგზავნა 3 კომპანიას, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ლიცენზირებული მექანიკური პროდუქციის მოწოდება. საბოლოოდ კი მათგან შეირჩა მომწოდებელი, რომლის მიერ შემოთავაზებული წინადადებაც აკმაყოფილებდა მაუწყებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ, წინა მენეჯმენტის პირობებში, იყო შემთხვევები, როდესაც მექანიკური პროდუქციის შესყიდვა ხორციელდებოდა ერთდროულად სამი მომწოდებლისგან, რაც აზრს უკარგავდა ბაზრის კვლევის ჩატარებას, არ უწყობდა ხელს ხარჯების დაზოგვას და აჩენდა ეჭვებს მენეჯმენტის პირადი ინტერესების შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით.

შესყიდვის მოცულობა - მიმდინარე სეზონზე მაუწყებელი მექანიკური პროდუქციის (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმები და სერიალები) შესაძენად დახარჯავს 899 099 ლარს, რაც 196 330 ლარით აღემატება წინა წელს გაწეულ ხარჯებს. ეს განპირობებულია იმით, რომ მაუწყებელი ამ დრომდე ვერ ახერხებს საჭირო ოდენობით მექანიკური პროდუქციის შეძენას. ამის გათვალისწინებით, მოხდა ბიუჯეტის კორექტირება და წელს მაუწყებელი შეძლებს შეიძინოს გაცილებით მეტი ქრონომეტრაჟის მქონე მექანიკური პროდუქცია, ვიდრე აქამდე იძენდა. უფრო მეტიც, მომწოდებელი, მაუწყებელს, მისთვის გადახდილი თანხის ფარგლებში, მიაწვდის უფრო მეტი ღირებულების მექანიკურ პროდუქციას, ვიდრე მისი შეძენა მოქმედი საბაზრო ფასების პირობებშია შესაძლებელი. შესაბამისად, სიცრუეა თითქოს მაუწყებელი, 2022 წელს, გაზრდილი ბიუჯეტით, იძენს იმავე მოცულობის პროდუქციას, რაც შეიძინა გასულ წელს. აღსანიშნავია ისიც, რომ შეძენილი პროდუქციის მოცულობა, მაუწყებლისთვის, ამ ეტაპზეც არ არის საკმარისი, რის გამოც არ არის გამორიცხული ამ მიმართულებით ხარჯები მომავალ წელსაც გაიზარდოს.

ცვლილება შესყიდვების წესში - შესყიდვების შესახებ კანონში 2018 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მაუწყებლის შესყიდვები რეგულირდება ამ კანონის შესაბამის მუხლში გაკეთებული ჩანაწერით. ამის გათვალისწინებით, აზრს კარგავდა მაუწყებელში მანამდე დამტკიცებული შესყიდვების წესის არსებობა. ამასთან, ძველი წესით მექანიკური პროდუქციის შეძენა, სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, აძვირებდა შესყიდვებს, აჭიანურებდა მას ვადებში და მაღალი იყო რისკები მისი წარუმატებლად დასრულებისა, რაც გამოიწვევდა მაუწყებლის მექანიკური პროდუქციის გარეშე დარჩენას და წამოქმნიდა სამაუწყებლო ბადის შევსების პრობლემას. შესაბამისად, დირექტორმა, ისარგებლა რა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, მიიღო ამ წესის შეცვლის გადაწყვეტილება. ხაზგასასმელია, რომ საუბარია ცვლილებებზე შესყიდვების წესში და არა მაუწყებლის დებულებაში, როგორც ეს სტატიაშია წარმოჩენილი და ასევე სიცრუეა.

და ბოლოს: სტატიის ავტორი ჟურნალისტი, თავადვე, არაერთხელ აღნიშნავს, რომ განხორციელებული შესყიდვით არცერთი კანონი არ დარღვეულა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველგვარი არსებითი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან. შესაბამისად, აქედან მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ სტატია მომზადდა ერთადერთი - მაუწყებლის მოქმედი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ, ეს, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოცემა „ბათუმელები“, სრულიად უსაფუძვლოდ, უყენებს ბრალდებებს და თავს ესხმის მაუწყებლის სხვადასხვა პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც. ამის მაგალითად კი შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლოდროინდელი სტატია ჟურნალისტ ჯენი კვანტალიანის მიერ მომზადებულ მასალაზე, რომელიც სცდებოდა ყოველგვარი კოლეგიალობისა და ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს და იყო შენარჩუნება იმ ცილისმწამებლური კამპანიის ხაზისა, რომელიც მენეჯმენტის შეცვლის დღიდან, რატომღაც, აირჩია გამოცემამ მაუწყებელთან მიმართებაში. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ კამპანიაში, ყველა შესაძლო გზით, აქტიურად არის ჩართული მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი გია ქარცივაძე, რომელიც წესით მაუწყებლის განვითარებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა ამ პროცესისთვის ხელის შეშლით" - წერია აჭარის მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი