გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და მის საზღვრებთან მყოფი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ BBC წერს.
57 მილიონი აშშ დოლარის პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებთან მუშაობენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დახმარება განკუთვნილია უკრაინაში ყველაზე დაუცველებისთვის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან.
BBC ბრიტანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:
. 15 მილიონი ფუნტი გადაეცემა გაეროს უკრაინის ჰუმანიტარულ ფონდს (UHF)
. 15 მილიონი ფუნტი გადაეცემა UNICEF-ს, გაეროს ბავშვთა სააგენტოს
. 10 მილიონი ფუნტი დააფინანსებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სასაზღვრო ქვეყნებში, რათა დაიცვან იქ გადასული უკრაინელი ქალები და ბავშვები
. 5 მილიონი ფუნტი გადაეცემა უკრაინის წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციას
. დამატებით 20 მილიონი ფუნტი გამოყოფილი იქნება პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული დახმარებისთვის