ვიმედოვნებ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - ირაკლი კობახიძე

02 მაისი 2022, 13:54 1159 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატთა სტატუსს მოიპოვებენ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შემაშფოთებელია ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ გაკეთებული რამდენიმე არასწორი განცხადება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან - უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ბოლო დროს, ამ კუთხით, რამდენიმე არასწორი განცხადება გაკეთდა ევროპელი ლიდერების მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას, ამიტომ, ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, გვაქვს იმის იმედი, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით, დადებითი გადაწყვეტილება იქნება და სამივე ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის ძალიან კარგი პერსპექტივაა და ამის იმედი დავიტოვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის მორიგ განცხადებას გამოეხმაურა. მან მოუწოდა უკრაინულ მხარეს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს.

„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ფაქტების გარეშე ვრცელდება ასეთი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიერ. ამასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი - ადამიანები აქ რადიკალურ ოპოზიციაში არიან, იქ ხელისუფლებაში. ასეთ დროს ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა რომ კიდევ ერთი ასეთი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არც ერთ ფაქტს არ ეფუძნება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ხალხებს შორის. მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ომში მყოფი უკრაინაც კი ინარჩუნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია სანქციებზე და ვინარჩუნებთ გარკვეულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის - სავაჭროს. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს ომში მყოფი უკრაინაც ინარჩუნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს. ეს არის გაზი, რისი 80%-ის რეექსპორტირება ევროკავშირში ხდება უკრაინის მიერ, ანუ, უკრაინასაც კი აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის რეიმპორტირებას ახდენს პოლონეთიდან და უნგრეთიდან. არავის უთქვამს, რომ უკრაინის ეს გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური ან ამორალური. პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს ნებისმიერი სახელმწიფო, უკრაინამაც მიიღო და აწვდის თავისი გავლით გაზს ევროკავშირის ქვეყნებს და თვითონაც იბრუნებს ამ ქვეყნებიდან გაზს. ჩვენ კი, ჩვენი საფრთხეებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე ვიღებთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ არ ვუერთდებით სანქციებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ ქვეყნებიდან, რუსული პროდუქციის გატანის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი