ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ლეგალურად საქმიანობს. თუმცა, გამოიკვეთა ქოლცენტრები, რომლებიც შეიძლება არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება.
„ბუნებრივია, ამ ქოლცენტრებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, საგადასახადო შემოწმებები და ამ ეტაპზე როგორც მოგახსენეთ, იდენტიფიცირებულია მსგავსი 46 ქოლცენტრი. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეობს შსს, პროკურატურა, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გამოიკვეთა უკვე საჭიროება იმის, რომ მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად“, - განაცხადა ხუციშვილმა.