პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა, ერთის გათავისუფლებაზე კი უარი თქვა, ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული - კობახიძე

30 მარტი 2022, 13:55 814 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის ივნის-ივლისში და წელს პრეზიდენტმა ჯამში, მთავრობის წარდგინებით 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევას არ მოაწერა ხელი.

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით და ფაქტები არის შემდეგი: გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა სამი წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არც ერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია თითქმის ერთი წელიწადი. შესაბამისად, პრეზიდენტმა უარი განაცხადა მათ დანიშვნაზე. ეს რაც შეეხება შარშანდელ სამ წარდგინებას. შესაბამისად, ამ ნაწილში, სამწუხაროდ, უკვე გვაქვს არასწორი ინფორმაცია, რაც გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ასევე წელს, დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით, ერთის გამოწვევასა და ორის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში არათუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი ორი ელჩის დანიშვნაზე და ერთის განთავისუფლებაზე. ეს ყველაფერი არის დოკუმენტურად დადასტურებული.

 

არის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. შესაბამისად, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არის გაუგებარი. ერთი, რაც ჩანს, აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან. აშკარად ხდება ის, რომ ელჩების დანიშვნა-გათავისუფლება რეალურად, პრაქტიკული თვალსაზრისით, არ არის მისი კომპეტენცია და როგორც ჩანს, ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ეს ყველაფერი დასტურდება დოკუმენტებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხუთი ელჩი არ დანიშნა პრეზიდენტმა, მთავრობის წარდგინების მიუხედავად და ერთის განთავისუფლებაზე თქვა უარი. ეს არის ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ქვეყნებისა და ელჩების გვარებს, კობახიძის თქმით, ვერ დაასახელებს, რადგან ეს მთავრობის კომპეტენციაა.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია, რომლის მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი.

„რაც შეეხება მიზეზებს, ამ წერილობით უარში, რომელიც წელს გამოიგზავნა, იყო მოცემული უარის ე.წ. არგუმენტები. თავისთავად ის, რომ ასეთ, პოლიტიკურ არგუმენტებს აბრუნებს პრეზიდენტი, მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის სფეროში. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია. როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი, რაც მთლიანად მთავრობის პრეროგატივაა, როდესაც, მათ შორის საკუთარი ე.წ. არგუმენტებით, იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში, მსჯელობს იმაზე, თუ რა არის მიზანშეწონილი და არა – არა, ეს თავისთავად დამატებით მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია ამ შემთხვევაში კონსტიტუცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი