ისმის ხმები, რომ საქართველო ბოლომდე არაა ჩართული სანქციებში, ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ ყველაფერს აკეთებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად - მატეუშ მორავეცკი

17 მარტი 2022, 16:26 1626 ნახვა

ისმის ხმები, რომ საქართველო ბოლომდე არაა ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და უკრაინის სუვერენიტეტი - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვინ შეიძლება გაუგოს უკრაინელებს უკეთესად, თუ არა ქართველებმა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„პირველად ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც არის ძალიან კეთილგანწყობილი პოლონეთის მიმართ - როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარეობს. ეს არის ჩრდილი, რომელიც არ უწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას - ეს არის არაპროვოცირებული რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა.

ეს არის მომენტი, როდესაც უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა, სამწუხაროდ, ეს სიტყვები გამართლდა. მან ბრძანა, რომ „დღეს არის საქართველო, ხვალ იქნება უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შეიძლება პოლონეთის დროც მოვიდეს“. გვახსოვს ის დროც, როცა ზოგიერთისთვის ეს სიტყვები სასაცილო იყო. ამას არ აღიქვამდნენ სერიოზულად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო წინასწარმეტყველება. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ახლა ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიით.

რამდენიმე დღის წინ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიყავით უკრაინაში და ხმამაღლა ვთქვით, რომ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას. უკრაინის მოსახლეობა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საქართველოსთვისაც და პოლონეთისთვისაც. ამიტომ მინდა საქართველოდან ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს პრემიერთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ღირებულებები დავიცვათ და შევაჩეროთ ეს აგრესია. ისმის ხმები, რომ საქართველო ბოლომდე არაა ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და უკრაინის სუვერენიტეტი. ვინ შეიძლება გაუგოს უკრაინელებს უკეთესად, თუ არა ქართველებმა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი