მაისამდე ქვეყანა უზრუნველყოფილია საკმარისი მარაგით, პურზე ფასი არ შეიცვლება - „პურის მცხობელთა ასოციაცია“ 

11 მარტი 2022, 13:03 1257 ნახვა

მაისამდე ქვეყანა უზრუნველყოფილია იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება, – ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ფქვილის ორი-სამი თვის მარაგია.

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ თუკი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 70 ლარამდე გაიზრდება, პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუკი ამ ნიშნულს გადასცდება, პურის ფასის სტაბილურობის მიზნით, სავარაუდოდ, მთავრობა სუბსიდირებას განახორციელებს.

„ერთი კვირის წინ ახალმა მინისტრმა მიგვიწვია, სახელმწიფომ მიიღო დავალება, რომ 2-3 თვის ხორბლის მარაგი უნდა შეიძინონ. თუ არ იქნება რუსეთი, ეს იქნება ევროპის რომელიმე ქვეყანა. მოლაპარაკება მიდის ყაზახეთთანაც. ამის შემდეგ რა ხდება, ამას უწევს გაზაფხული. გაზაფხულზე, ტრადიციულად ქვეყნები, რომლებიც ამზადებენ ხორბალსა და ფქვილს, ისინი თავისუფლდებიან ძველი ნაშთებიდან, ანუ იყიდება. ამიტომ, ამ პერიოდს აკავშირებს ფასების ოდნავ დაბლა წამოსვლა. საქართველოდან დღეს 300 მანქანა გადადის რუსეთში, იძენენ ნაღდ ანგარიშზე ფქვილს და გადმოაქვთ დაუბეგრავად. ერთ-ერთი დიდი დამამზადებელი საფრანგეთიცაა, რომელსაც მარტო შარშან მოწეული ჰქონდა 31 მილიონი ტონა.

ერთი ტომარა ფქვილი რუსეთიდან, შემომტანები ყიდულობდნენ 62-63 ლარად და წარმოებებს აბარებდნენ 65-66-67 ლარად. აქედან გამომდინარე, პურის ღირებულება არ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომატარებლები გაძვირდა. წყალი გაძვირდა, ღირდა 4.40 თეთრი და გახდა 5.51. ყველა კომპონენტი გაძვირდა, საფუარი, შესაფუთი მასალა. თუ ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება ერთ ტომარა ფქვილზე, ამ შემთხვევაში პურის ფასი არ გაძვირდება. თუ ამ ნიშნულს გადაცდა, ალბათ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება, ან სხვა სიტუაცია იქნება. საერთოდ, სუბსიდირებას წარმოებები თავს არიდებენ, მაგრამ უფრო ადვილია ხორბალსა და ფქვილზე გაკეთდეს ეს და არა პურზე, რადგან პურის დამამზადებელი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 2 400 წარმოებაა, მათ შორის წვრილი მეწარმეებიც არიან“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი