„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით სარგებლობა და საქართველოში სიტუაციის არევაა - მდინარაძე

28 თებერვალი 2022, 21:55 1391 ნახვა

საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის, რას ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რაც „ნაცმოძრაობიდან“ გამოჟონილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა. სამწუხაროდ, მათი მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით სარგებლობა და საქართველოში სიტუაციის არევაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"დღეს გაიმართა უმრავლესობის სხდომა, დეტალურად განვიხილეთ უკრაინის შეჭრა და მის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და რეგიონში არსებულ სერიოზულ რისკებზე.

ასევე განვიხილეთ ხელოვნურად აგორებული აჟიოტაჟი და თავდასხმები საქართველოს მთავრობასა და მისი ხელმძღვანელზე. სამწუხაროდ, იმ ურთულეს ვითარებაში, როცა უკრაინაში რუსეთის ღია აგრესია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, საქართველოში აღმოჩნდა ხალხი, რომელიც ამ ომით სარგებლობს და თავისი გეგმებისთვის იცლის. საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს მთავრობის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ და ამის კვალდაკვალ მკაფიოდ დავაფიქსიროთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, გამოვხატოთ ქმედითი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

ამ ფონზე საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის, რას ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რაც „ნაცმოძრაობიდან“ გამოჟონილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა. სამწუხაროდ, მათი მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით სარგებლობა და საქართველოში სიტუაციის არევაა. ნიშანდობლივია, რომ ამ მოღალატეობრივი მოქმედებების ავტორია ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც საქართველო ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არცერთი მათგანისგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. საქართველო მეგობარი უკრაინის მიმართ ქმედით ჰუმანიტარულ დახმარებას და მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში უკრაინის სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ და ურყევად გამოხატავს.

გარდა ამისა, ჩვენს დიპლომატიურ მისიებს უკრაინაში, არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია და მათი სამუშაო ადგილები. ამასთან დაკავშირებითაც იყო ორდღიანი ნეგატიური პიარი, თითქოს ჩვენმა დიპლომატებმა მიატოვეს უკრაინა და ჩვენი ხალხი მათგან დახმარებას ვერ იღებდა. ამ სამწუხარო რეალობაში ვართ, ბევრი გამოწვევა არსებობს და გვიწევს ბეწვის ხიდზე სიარული, და ამ დროს შიდა ხელოვნური ტურბულენტობა ემსახურება ერთადერთს - რუსეთის ინტერესებს. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - აცხადებს მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი