კონსულტაციები ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით დაწყებულია, პრობლემა დროულად იქნება გადაწყვეტილი, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ზღვის შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, კონსულტაციები დაწყებულია და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.
"ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. არის მცირე მონაკვეთი, სადაც უხვი ნალექის დროს გამოწვევების წინაშე ვდგებით. ამ მიმართულებით, ჩვენ, როგორც ადგილობრივ მთავრობასთან, ასევე, საქართველოს მთავრობასთან ერთად და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართულობითა და კონსულტაციებით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა ეს პრობლემა დროულად იქნას გადაწყვეტილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება კონკრეტული პროექტი, თუ როგორ უნდა ვმართოთ შემდგომში სანაპირო ზოლი მსგავსი ტიპის კრიზისულ სიტუაციაში", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.