ყოფილ სამხედრო ბაზაზე, გათხრების შედეგად, საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი კიდევ 29 ადამიანის ნეშტი იპოვეს 

04 თებერვალი 2022, 13:01 17062 ნახვა

ხელვაჩაურის ყოფილ სამხედრო ბაზაზე გათხრების შედეგად, სავარაუდოდ საბჭოთა რეპრესიების დროს, 30-იან წლებში დახვრეტილი კიდევ 29 ადამიანის ნეშტი იპოვეს. 

გათხრები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

სამარხებს სწავლობენ პოლონელი მეცნიერები, რომლებიც საქართველოში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევითა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ჩართულობით ჩამოვიდნენ.

პროცესი 2016 წელს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სულ აღმოჩენილია 6 სამარხი. 

მიმდინარე ექსპედიციის დროს ნაპოვნია მონეტები, რომელიც 1935-1936 წლებით თარიღდება. 

ექსპედიციის მონაწილე ეთერ მახარაძის თქმით, ყველა მათგანს უკან აქვთ ხელები შეკრული და კეფაში ტყვიის კვალი აღენიშნებათ. 

''მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვეძებდით ამ სამარხებს. ეს არის რიგით მეექვსე სამარხი.  გათხრებში გვეხმარებიან მოწვეული პოლონელი სპეციალისტები. 29 ნეშტია ნაპოვნი. მოხდება მათი ამოსვენება და ეტაპობრივად ჩატარდება ყველა საჭირო პროცედურები. მათი ჩასვენებაც აქვე მოხდება, იგივე ტერიტორიაზე, სადაც მუზეუმი აშენდება. ერთი სამარხი უკვე დაზიანებული იყო, სავარაუდოდ კომუნისტების პერიოდშია გათხრილი. 30-იან წლებში დახვრეტილ პირთა სიები არის. სავარაუდოდ ეს ნეშტები მათია. ყველას უკან აქვთ ხელები შეკრული და კეფაში ტყვიის კვალია. აღმოჩენილია  მონეტებიც, რომელიც 1935-36 წლით თარიღდება. 

ამ სამარხებზე მუშაობა 9 თებერვალს დასრულდება, ეტაპობრივად მიმდინარეობს  სხვა სამარხების მოძიებაც '' - აცხადებს ეთერ მახარაძე. 

მკვლევარი ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ ჩატრადება დნმ-ის ანალიზი, მოხდება გარდაცვლილი პირების სქესის და ასაკის დადგენა. ამ პროცესს კი რამდენიმე თვე დასჭირდება. 

გათხრების დროს ასევე ნაპოვნია სავარცხელი, ბოთლი, ფეხსაცმლის ლანჩები და ტანსაცმლის დაშლილი ნაწილები.

"ორი კვირაა, რაც პოლონეთის ეროვნული მეცნიერული ინსტიტუტის 6 კაციანი ჯგუფი-4 არქეოლოგი და 2 ანთროპოლოგი მუშაობს ამ სამარხის გახსნაზე და პროფესიონალურად დაამუშავეს ეს პროცესი. სრულიად გახსნილია სამარხი. მოხდება პირველადი ანთროპოლოგიური დათვალიერება, რომ გავიგოთ ამ ადამიანების სქესი, ასაკი და შემდეგ, ეს ყველაფერი შეინახება იმისთვის, რომ დეტალური კვლევები ჩატარდეს.

დამატებითი კვლევები არის კომპლექტური და მას შეიძლება რამდენიმე თვეც დასჭირდეს, მაგრამ მთავარია დნმ  ნიმუშები იქნას სწორად აღებული, რომ გავიგოთ მათი სქესი და ასაკი. ესეც უკვე საკმარისი იქნება, რომ მოხდეს იდენტიფიკაცია. ფოტოებს იღებენ, ასურათებენ და  ეს მასალა ვრცლად დაერთვება დოკუმენტაციას.

რაც შეეხება აღმოჩენილ არტიფაქტებს ბევრი არ არის, მაგრამ რაც არის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის 30-იანი წლების მონეტები, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, თუ როდინდელია სამარხი, არის სავარცხელი, ბოთლი, ფეხსაცმლის ლანჩები და ტანსაცმლის დაშლილი ნაწილები. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ეს არის 37-38 წლების რეპრესიის პერიოდი, ძირითადად მონეტები ადასტურებს ამ ყველაფერს.

თითქმის შეგვიძლია სრული სიზუსტით ვთქვათ,  თუ როგორ არიან დაღუპული, მათი სიკვდილი გამოწვეულია კეფაში ნასროლი წვრილკალიბრიანი იარაღით.

გარდა ამისა მონეტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც არის წარწერები. ჩვენი ინსტიტუტის კვლევით, სულ აჭარაში დახვრეტილია 1050 ადამიანი. 3 ადამიანზე გაურკვეველია, ბოლომდე ვერ დავადგინეთ მონაცემები. ამ ეტაპზე 200-ზე მეტია უკვე აღმოჩენილი და ვვარაუდობთ, რომ აქ შეიძლება კიდევ იყოს დარჩენილი 800 სამარხი, რადგან ეს იყო აჭარაში დახვრეტილების ერთიანი პოლიგონი "- აცხადებს მკვლევარი ანტონ ვაჭარაძე. 

დახვრეტის ოქმი N15

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი