ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება - ზურაბ აზარაშვილი

26 იანვარი 2022, 13:13 1237 ნახვა

ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება -  ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა და არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს.

„ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის.

ტესტირებას რაც შეეხება, ამირან გამყრელიძემ გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან „ომიკრონს“ აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება.

იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შემცირდა.

მინისტრის  განმარტებით, პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა, ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობით.

„დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებით რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა. საწოლები გადანაწილებულია როგორც პედიატრიულ სექტორზე, ასევე მოზარდებისთვის. პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობიდან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ, დღეისათვის გვაქვს 700 პედიატრიული საწოლი და აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში