შსს-მ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულია ასახული, მოკვლევა დაიწყო 

24 იანვარი 2022, 18:08 1177 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული, განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით,  უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

"მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მედიაში გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეომასალა, როგორც ვიდეოდან ჩანს პოლიციელი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შშმ პირია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში