ვითხოვთ საკრებულომ სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა: ავარიულ სახლებზე, სოციალურ პროგრამებსა და გაძვირებულ ტარიფებზე - ენმ 

13 იანვარი 2022, 11:21 379 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა დღეს ბათუმის მერიაში ბრიფინგი გამართეს და არჩილ ჩიქოვანს მიმართეს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის ცვლილებაში, რადგან ბიუჯეტი მეტად ორიენტირებული იყოს მოქალაქეებზე . 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები სამ საკითხს ასახელებენ, რომელზეც  გადაუდებელია მუშაობის დაწყება. ეს არის ავარიული სახლები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და ასევე მგზავრობის გაზრდილი ტარიფი. 

ლაშა კილაბერიას განცხადებით, ახალი ბიუჯეტის შემოტანის შემთხვევაში, გუნდის წევრები პროცესებში ჩაერთვებიან. 

"მოგეხსენებათ, ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მოგვეწვია საკრებულოს სხდომა "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა, არ მოვიდნენ საკრებულოს სხდომაზე. გვინდა მივმართოთ ქალაქის მერს, რომელიც შვებულებაში ყოფილა და ისვენებს. ბატონო არჩილ, ჩვენი გუნდი მზად არის მივიღოთ მონაწილეობა ბიუჯეტის ცვლილებაში, ბიუჯეტს სჭირდება ცვლილებები, ბიუჯეტს, რომელიც მიღებულია ძველი საკრებულოს მიერ. მასში არ არის ასახული რა კეთდება და როგორ უნდა გაკეთდეს. მზად ვართ 3 პუნქტთან დაკავშირებით: ავარიულ სახლებთან მიმართებაში, გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც ჩვენ მოსახლეობას ძალიან აწუხებს, ახალი ბიუჯეტის ამ მუხლებში შემოვიტანოთ  ცვლილება და დაგიჭიროთ მხარი. იმ პირობით, რომ ჩვენი გუნდი ჩაერთვება სამუშაო ჯგუფში და მიიღებენ მონაწილეობას" - განაცხადა ლაშა კილაბერიამ.

რეზო ხარაზის თქმით, ბათუმის მერმა შვებულება უნდა შეწყვიტოს, საკრებულომ კი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. 

"ქალაქის მერმა 10 დღე ხომ დაისვენა, ახლა ისევ შვებულებაშია გასული. 70 თეთრი რომ გახდა მგზავრობა ამან დაღალა, ავარიულ სახლებზე ტენდერს რომ ვერ აცხადებენ ამან დაღალა, ჩაბნელებული რომაა ნახევარი ქალაქი იმან დაღალა, ქალაქში ორმოები რომ არის და ყოველ დღე ავტომობილები ფუჭდება იმან დაღალა თუ რამ დაღალა? 

ვითხოვთ ბათუმის მერი სასწრაფო წესით მოვიდეს, საკრებულომ დაიწყოს მუშაობა სამ მთავარ საკითხზე: ავარიულ სახლებზე, სოციალურ პროგრამებზე და გაძვირებულ ტარიფებზე. მერი კი არ გამოვიდეს სამსახურში, არამედ საქმეში ჩაერთოს და დაიწყოს მუშაობა. ამას არ იმსახურებს არც ბათუმი და არც ბათუმელები"- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ავარიულ სახლებთან დაკავშირებით ბიუჯეტში არ არის დაზუსტებული მისამართები, რის გამოც სამუშაოები დროულად არ იწყება. 

ვიცე-მერის განცხადებით, მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა, ეს არის მძღოლების თვითნებობა, რომელსაც რეაგირება მოჰყვება. მისივე თქმით, კომპანიები დაჯარიმდნენ. 

რაც შეეხება ავარიულ სახლებს, ვიცე-მერის თქმით, შექმნილია საბჭო და კომისია ყველა შემოსულ განცხადებაზე ინდივიდუალურად მსჯელობს. 

''ჩვენ ამ მიმართულებით ჩავარდნა არ გვაქვს, მიმდინარეობს ეს პროცესი და საკრებულო არაფერ შუაში არ არის. დღეის მდგომარეობით არის 90-ზე მეტი ლოკაცია, გადაგზავნილია ყველა ექსპერტიზაზე, რომლის მიხედვითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას. პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება რომელი ობიექტი შევა ნუსხაში. ზოგს გამაგრება ესაჭიროება, ზოგს  ალტერნატიულ ფართში გადაყვანა და ვმუშაობთ ამ საკითხზე'' - განაცხადა ლევან დავითაძემ.  

''ქართული ოცნების'' დეპუტატი ნატალია ზოიძე ოპოზიციონერ კოლეგებს ურჩევს ბიუჯეტს გაეცნონ. მისივე თქმით, მოსახლეობისგან წამოსული ყველა მოთხოვნა და საჭიროება ბიუჯეტში ასახულია. 

''ბიუჯეტი 195 გვერდია და ალბათ ეზარებათ წაკითხვა, ურჩევნიათ მხოლოდ ტელე-შოუებით შემოიფარგლნონ და შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში. ჯერ ამბობდნენ გაუქმდეს ეს დოკუმენტიო. ახლა ცვლილებების ინიციატივით შემოდიან. ჩამოყალიბდნენ საერთოდ რა უნდათ. ღმერთს მადლობა, რომ ეს ბიუჯეტი დამტკიცებულია. იმის ხარჯზე რა ''არომატიც'' დაგვიყენეს დარბაზში ძველი მოწვევის საკრებულოს წევრებს. ეს ყველაფერი იმიტომ ავიტანეთ, რომ  მოსახლეობას მომსახურება არ შეწყვეტოდათ. ავარიული სახლებიც არის გათვალისწინებული  სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებიც'' - განაცხადა ნატალია ზოიძემ.

კითხვაზე: თუ კი ოპოზიცია ისევ მოიწვევს საკრებულოს სხდომას, მმართველი გუნდი დაესწრებით თუ არა? ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ამბობს, რომ აზრი არ აქვს. 

''ჩემმა კოლეგამ ახსენა, რომ სახლობანა იყო ადრე მოდაში და ახლა სხდომობანა გახადეს მოდაში, რა აზრი აქვს შეხვედრას, სადაც არცერთს არა აქვს უმრავლესობა და უნდა მოხდეს კიდევ მორიგი... მე თუ მკითხავთ ტელევიზიებიც არ უნდა ხარჯავდნენ დროს მაგათ დაძახილზე და მაგათ შეკრებაზე, ასე ეზოშიც შეგვიძლია ყველა ერთად შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ და დავიშალოთ'' - განაცხადა ნატალია ზოიძემ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში