NATO-ს წევრებმა რუსეთს საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდეს - იენს სტოლტენბერგი

12 იანვარი 2022, 19:57 977 ნახვა

"NATO"-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდეს. 

მისივე თქმით, მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავლენ.

"რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინაში, ყირიმში, ასევე მოლდოვაში. ეს ჯარები ადგილზე იმყოფებიან აღნიშნული ქვეყნების მთავრობების ნებართვის გარეშე. ისინი იქ არავის მიუწვევია და არავინ მიესალმება. ნატო-ს მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, უკან გაიყვანოს თავისი ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპაში რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიმე ქვეყნის უფლებაზე, თავისით აირჩიოს საკუთარი გზა და ნატო-ს მოკავშირეების უფლებაზე, დაიცვან ერთმანეთი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში