სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი რუსეთის პასუხისმგებლობას - ლევან იოსელიანი

09 აპრილი 2024, 18:24 549 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი რუსეთის პასუხისმგებლობას.

„სიმბოლურია, რომ დღეს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის თავზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, რაც, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალში შესვლის მცდელობისას ადამიანების მოკვლას, უკანონო დაკავებას, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ადამიანების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას გულისხმობს.

სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა. მათ შორის, გადაწყვეტილებით რუსეთის მხრიდან კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) და სხვა არაერთი მუხლის დარღვევა დადგინდა.

ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი რუსეთის პასუხისმგებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სამწუხარო რელობაა.

დღემდე, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ადამიანის უფლებების საწინააღმედო მსგავსი პრაქტიკა დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას“, – წერს ლევან იოსელიანი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში