ბათუმში მგზავრობა გაძვირდა - ოპოზიცია მერთან შეხვედრას ითხოვს 

10 იანვარი 2022, 10:29 1885 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების თქმით, ბათუმში მგზავრობის ტარიფი უკანონოდ 70 თეთრამდე გაიზარდა, ეს კი ''ქართული ოცნების'' და ქალაქის მერის დამსახურებაა. 

რეზო ხარაზის განცხადებით, ოპოზიციას აქვს გეგმა და წინადადება, რომლის გასაცნობადაც დღეს ბათუმის მერიაში მივიდნენ, თუმცა არჩილ ჩიქოვანი კაბინეტში არ დახვდათ. 

ოპოზიციის განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების თქმით, მერის კაბინეტთან პოლიცია არ დგას და აღებულია ე.წ. ბარიერებიც. 

"ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ისიც, რომ აქ საგუშაგო არა გვაქვს. დღეს მერიც არ არის აქ, მე მას აუცილებლად შევხვდები დღის განმავლობაში. ორჯერ საკრებულოს სხდომა ჩატარდა და არც ერთ სხდომაზე არ მოსულა "ქართული ოცნების" დეპუტატები.  ყოველდღიურად ვხვდებით ქალაქში  მძიმე ვითარებაში ჩავარდნილ მოსახლეობას.  უკანონოდ, ყოველგვარი რეგულაციების გარეშე გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის ტარიფი. ბათუმელები რომ დღეს გაზრდილ ტარიფებს იხდიან მგზავრობაში, ეს პირდაპირ "ქართული ოცნების" დეპუტატების და ბატონი ჩიქოვანის დამსახურებაა.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. მერთან შეხვედრისთვის ჩვენ მზად ვართ და შეხვედრაზე აღნიშნულ გეგმაზეც ვისაუბრებთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღეებში ქალაქის მერს, ვიცე მერებს, ერთი დღეც არ გამოუყვიათ, რომ დაინტერესებულიყვნენ ამ პრობლემით. ეს საკითხი მძიმედ აწევთ როგორც ბათუმელებს, ასევე მძღოლებს, ამიტომ დღესვე არის აუცილებელი მის მოსაგვარებლად მუშაობის დაწყება სუბსიდირებით იქნება თუ სხვა სახით "-განაცხადა რეზო ხარაზმა.

ნოდარ დუმბაძის განმარტებით, ტარიფი მძღოლებმა მერიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით გაზარდეს და აქ არანაირ თვითნებურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

"ბათუმის მერიის წარმომადგენლები შპს-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ და დაპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ მოხდებოდა ტარიფის გაძვირება, ხოლო თუ ამ დაპირებას მერია არ შეასრულებდა, იმ შემთხვევაში  მძღოლები გაფიცებოდნენ. ამიტომ  მხარეები შეთანხმდნენ, წარწერა რაც მიკროავტობუსში აქვთ 70თეთრიან ტარიფთან დაკავშირებით მოეხსნათ, არც 50 თეთრიანი გაეკრათ, ფასი არ მიეთითებიათ და მგზავრებს  70 თეთრი გადაეხადათ, თუ ვინმე გააპროტესტებდა ის 50 თეთრს გადაიხდიდა. 

გამოსავლის ძიებაში არ არის ქალაქის მერია. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეთავაზება თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, იგივე მოსაკრებლის გაწელვა, გაუქმება, სუბსიდირება. ეს ადამიანები არ მოდიან საკრებულოს სხდომებზე და ამ პრობლემაზე საუბარი არ უნდათ, ჩვენ მზად ვართ გამოსავალზე სასაუბროდ"- განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 5 იანვარს გაზარდეს. მძღოლებმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს. საკითხზე საკრებულოს უნდა ემსჯელა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი