კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ საქმის კურსში ჩავაყენეთ ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი - კობახიძე

27 დეკემბერი 2021, 13:28 974 ნახვა

ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები არ გაიმიჯნა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იყო საყოველთაო რეკომენდაცია.

მისივე განმარტებით, ინიციატივა ვერ განხორციელდა, რადგან გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო. 

„რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, ფაქტობრივად საყოველთაო რეკომენდაცია თავის დროზე იყო ის, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად. გამიჯნული ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები. 

თავის დროზე, კონკრეტული რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო ასე არ მოხდა. ახლა არის დრო, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით სინამდვილეში. არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში. ინსტიტუციურად ამას არ აქვს ალტერნატივა. 

როცა მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ ჩვენ საქმის კურსში პირველ რიგში სამსახურის ხელმძღვანელი. ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი. ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, რაზეა საუბარი – არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული. ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები. დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო, ხომ არის აბსურდი.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით, ამას არ გავშლი. თავის დროზე, გუნდში უმრავლესობა იყო მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ინსტიტუციურად. არ ვასახელებ არავითარ გვარს.

ჩვენ არავითარი პრობლემა კონკრეტულად ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ ფაქტის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი