რა ხდება საავტომობილო გზებზე და სად არის აკრძალული მოძრაობა 

23 დეკემბერი 2021, 10:20 1572 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით გზების გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება დილიდან აკრძალულია. ამ ეტაპზე შეფერხებაა სურამთან. მოქალაქეები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე საათია საცობში არიან. მოხდა რამდენიმე ავარიაც. ისინი დახმარებას, ასევე გზებზე ქვიშის და ტექნიკური მარილის დაყრას ითხოვენ. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის და რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო  ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით

ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე აკრძალულია ხაშური-აწყური, საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, ახალციხე-ნინოწმინდას და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე - კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე.

უწყების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი