საქართველოს „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტები რეგულაციების დამცველი სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.
შოთა ბურჯანაძის თქმით, ბიზნესოპერატორებს ''მწვანე ზონის'' შექმნაზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღოთ. ხელისუფლებას კი მათთვის ბენეფიტი უნდა მიეცათ, რითაც სხვა ობიექტები ვერ ისარგებლებდნენ. მაგალითად იმ ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დღეს აკრძალულია, საუბარია ქორწილებსა და იუბილეებზე.
"თუ რესტორანი გადაწყვეტდა მწვანე ზონა შეექმნა, მას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, ქორწილების, დაბადების დღეების და სხვა ღონისძიებების ჩატარების, რომელიც სხვას არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე სტუმრები თავად გადაწყვეტდნენ წასულიყვნენ უსაფრთხო ზონაში თუ არა. ასე ბიზნესოპერატორი არ დაზარალდებოდა, მოქალაქეები კი მიიღებდნენ იმ ღონისძიებებში მონაწილეობას, რომელსაც მოკლებულები არიან. ეკონომიკაშიც მეტი ფული დატრიალდებოდა. დღეს ვითარება გვაქვს სრულიად საწინააღმდეგო. ეს ყველაფერი აკრძალულია. იმუნიზაცია 30% და მომხმარებელი რა თქმა უნდა ვერ ივლის იმ რაოდენობით, რა სურვილიც არსებობს'' - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
შოთა ბურჯანაძის განცხადებით, რეგიონებშიც და დედაქალაქშიც სარესტორნო ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაშია. უამრავი რესტორანი დაიხურა და ძალიან ბევრმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა.
"ახალი ობიექტის შექნის შემთხვევაში ურთულესი პრობლემა იქმნება თანამშრომლის მოძებნის, რადგან ამ სფეროში დასაქმება აღარავის სურს იმდენად არასტაბილური და არაპროგნოზირებადი სიტუაციაა.
დღეს კიდევ უფრო დიდ სირთულეს ვეჯახებით, რომელსაც "ომიკრონის" შტამის შემოსვლა ჰქვია და ამ ვითარებაში რას გამოიწვევს ეს და ქვეყანა რამდენად დაზარალდება არავინ იცის. დღეს არანაირი მზაობა არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების მხრიდან არ არსებობს.
ჩვენ სახელმწიფოს ვესაუბრებოდით და არ გვისმენდა, შემდეგ ეტაპზე გვისმენდნენ და გვპირდებოდნენ და ახლა შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ, როცა მოგვისმენენ და გააკეთებენ. ახლა ვართ მხოლოდ და მხოლოდ სმენის რეჟიმში. გვისმენენ და არ აკეთებენ.
1 დან 14 იანვრის ჩათვლით შესაძლებელია ყველა ივენთის ჩატარება რეგულაციების დაცვით, ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები იქნება დაცული? ვერ იქნება. ამ კუთხით გვაქვს ქაოსი, ზოგი პირდაპირ გაცხადებულად, ზოგი კი შემალულად არ იცავს ამ რეგულაციებს."-განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, კითხვა ჩნდება რატომ უნდა იყოს სტუმარ-მასპინძლის სფერო ერთადერთი?
''წარმოუდგენელია როდესაც 20 000-მდე ადამიანი სტუმრობს სავაჭრო ცენტრს, იქ არ ითხოვენ კოვიდპასპორტს და 30 მეტრში თუ კვების ობიექტში შედის სთხოვენ. დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ავადმყოფს სჭირდება მკურნალობა, მაგრამ ენიშნება არასწორი წამალი და მკურნალობის მაგივრად უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდება. ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია ჩვენი საზოგადოება, საჭიროა სწორი მიდგომა. რა იქნებოდა სწორი? - არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი სფერო, ბევრი მიმართულება უნდა მოეცვა, რომ ადამიანებს ეგრძნოთ აცრის ''ვალდებულება'', - განაცხადა ბურჯანაძემ.