უნდა აღიარონ , რომ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი შერიგებაზე - კობახიძე 

14 დეკემბერი 2021, 13:44 1014 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საყოველთაო შერიგების მისეულ ფორმულაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამისთვის აუცილებელი იქნება ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' აღიაროს დანაშაული შემდეგ კი პოლიტიკიდან გავიდეს.  

„კიდევ ერთხელ ვიტყვი შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეულ ფორმულას, ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისიმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც მათი ჩადენილი იყო. წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცებისა და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა.

ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ბუნებრივია, ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, ეს უნდა აღიარონ და ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს რა თქმა უნდა, საუბარი შერიგებაზე.

ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია.

თუ ვინმე მოახერხებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალოს თავის რიტორიკა, დამოკიდებულებები, აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდელობა შერიგებასთნ დაკავშირებით წარმატებულია. არ მგონია, ამის შემძლე ვინმე იყოს საქართველოში, მათ შორის პრეზიდენტსაც გაუჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობს“ ამ ქვეყანაში რევოლუციისა და არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ აქვს, რადგან მათ უკან ხალხი არ დგას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში