ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილობრივების განცხადებით, გაზისა და ნავთობის კორპორაციამ მოქალაქე სოსო ქათამაძის საკუთრებაში მაღალი წნევის ბუნებრივი აირის მილი გაიყვანა, რითაც მას საარსებო წყარო მოუსპო.
მათივე თქმით, სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნული ტერიტორია სავსე იყო სხვადასხვა ჯიშის ხეხილით და სასოფლო სამეურნეო მცენარეებით, რაც ოჯახის შემოსავლის წყარო იყო, ასევე ამ ადგილას განთავსებული ჰყავდათ ათობით პირუტყვი.
სოსო ქათამაძე ტერიტორიის ადგილმონაცვლეობას და კუთვნილი მიწის, 4 ჰექტარის ინფრასტრუქტურის კომპენსაციას ითხოვს.
ამბობს, რომ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება მოქალაქის სასარგებლოდ, რომელსაც არავინ ითვალისწინებს.
მისივე განცხადებით, კომპანიამ მაღალი წნევის გაზის მილი უნებართვოდ გაიყვანა და აღნიშნული ტერიტორია საფრთხის შემცველია.
აქციის მონაწილეებმა დღეს მილის დემონტაჟი სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშულება არ მისცა.
"სახეზეა ადამიანის უფლების, საკუთრების უფლების უხეში დარღვევა. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტით დაინტერესდნენ.
რადგან დღევანდელ აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოცხადდენ, მივიღეთ გადაწყვეტილება მათ თავად ვეახლოთ. აქციები გაგრძელდება.
200 ძირი მარტო თხილის ნერგია ამ ტერიტორიაზე განადგურებული, რატომ და რისთვის კარგავს ეს ადამიანი ამ ყველაფერს"-აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
ისინი ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდაცველები.