ე.წ. პიჯაკების საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი განიხილავს. ბრალდებული პრეზიდენტი სასამართლოში სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა მიიყვანეს. დაცვის მხარის მოთხოვნაა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირება.
ამის გარდა ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნა იყო სხდომაზე ჟურნალისტების დასწრება. საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი აპირებს საზოგადოებას სიტყვით მიმართოს. ის დღეს, 7 ნოემბრის საქმის განხილვის პროცესის შემდეგ სასამართლო პროცესს მეორედ ესწრება.
რაც შეეხება წარდგენილ ბრალს, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მილიონ 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.