გამორიცხულია, სულიკო თებიძის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს - ოპოზიცია 

18 ნოემბერი 2021, 16:38 2546 ნახვა

ბათუმში, ოპოზიციური ერთობის წევრებმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დაუყოვნებლივ უნდა ჩაინიშნოს. მიმდინარე პროცესებზე კი პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცესკოს და მმართველ გუნდს აკისრებენ.

''ლელოს'' ლიდერის განცხადებით, ძველი მოწვევის საკრებულო არალეგიტიმურია და არ აქვთ უფლება 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცონ. ირაკლი კუპრაძის თქმით, ''ქართული ოცნება'' პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის, რაზეც პასუხისგება მოუწევს. 

''ჩვენ არ მივცემთ ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობას, ამას ვეცდებით ყველა ფორმით - პოლიტიკურად, სამართლებრივად. გამორიცხულია, სულიკო თებიძის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს.

''ქართული ოცნების'' მხრიდან, მიმდინარეობს უპრეცედენტო დანაშაულებრივი მოქმედებები. უკვე რამდენიმე რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ,,ოცნება'' ცდილობს მიიღოს იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც არის  ხარკის გაღება კერძო კომპანიებისათვის, რომლებსაც ზეწოლით დანაშაულებრივად ამუშავებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე,  საკრებულომ აჭარის მთავრობას გადასცა ათეულობით საკუთრება, რომელიც დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა. შეუძლებელი გახდება მონიტორინგი და გაიფლანგება მუნიციპალიტეტის ქონება.

არასდროს, არც ერთი მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, თვენახევარი არ დაჭირვებია პირველი სხდომის ჩანიშვნას. ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე არალეგიტიმური, 2017 წლიდან 2021 წლამდე ლეგიტიმაციის მქონე, საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას 2022 წლის ბიუჯეტზე, რაზეც შემდეგ პოლიტიკურ პასუხიმგებლობას გადმოაბარებენ ოპოზიციას, რომელიც 60%-ზე მეტი მხარდაჭერით არის  წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში. 

გაჭიანურება უკავშირდება რამდენიმე  პროცესს, ეს არის ბიუჯეტის გაფლანგვა და პოლიტიკური პროცესი. ისინი ფიქრობენ გაიტანონ ბიუჯეტი დასამტკიცებლად, რაც პოლიტიკური დანაშაულია და მოუწევთ ამაზე პასუხისგება. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ახალმა მოწვევამ უნდა დაამტკიცოს'' - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში ძალადობის, მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტები იმატებს. ''ქართულ ოცნებას'' სჭირდება დამატებითი დრო, მოისყიდონ და დააშანტაჟონ ოპოზიციის წევრები, რომ გააჩინონ უმრავლესობის შექმნის პერსპექტივა.

ირაკლი კუპრაძემ განცხადება პარტიების: ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'', ''ლელოს'', ''გირჩი-მეტი თავისუფლებას'', ''დროას'' და ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' სახელით გააკეთა. 

ოპოზიციური პარტიის წევრებს ''ქართულ ოცნებაში'' პასუხობენ. ტიტე აროშიძის თქმით, ისინი ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ მათი ადგილების გარანტირებულ რაოდენობაზე, როგორც საკრებულოში ასევე ქვეყანაში.​

''მე ვფიქრობ რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რაც ახლა იქნა მიღებული. თუკი ფიქრობს ოპოზიცია ამას, რომ შექმნას ეკონომიკური კრიზისი. იმიტომ, რომ ქალაქის საკრებულო უნდა ზრუნავდეს ქალაქის ეკონომიკაზე, ინფრასტრუქტურაზე და ყოფით პრობლემებზე.  თუკი პოლიტიკური ანგარისშწორებისათვის ფიქრობს ამ შემთხვევაში ოპოზიცია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის რა თქმა უნდა არასწორი'' - განაცხადა ტიტე აროშიძემ. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში