„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შვიდსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას ითხოვს, საკითხზე ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და დეპუტატებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.
სამშენებლო პროექტში ცვლილების შესახებ პროექტი კომპანიამ მერიაში წარადგინა.
განმარტებით ბარათში წერია, რომ ასევე იცვლება ობიექტის ფუნქციური დანიშნულებაც.
''დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანა, ცვლილების საჭიროება მდგომარეობს შემდეგში: იცვლება საპროექტო შენობის ფუნქციური დანიშნულება, ნებართვით დამტკიცებული 7 სართულის ნაცვლად წარმოდგენილია 8 სართული. დაგეგმილია სააგარაკე სახლის და სპორტული და გასართობი შენობის მოწყობა. განაშენიანების ინტენსივობის ფართობი შეადგენს 8850.00 მ.-ს'' - აღნიშნულია განმარტებით წერილში.
საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება. ის „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია.
საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმიდან 9კმ.ში მდებარეობს. კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი 80 ბინას მოიცავს, საიდანაც პანორამული ხედი შავ ზღვაზე იშლება.