გლდანის №18 დაწესებულებაში სააკაშვილის ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია - იუსტიციის მინისტრი 

16 ნოემბერი 2021, 10:19 835 ნახვა

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი კომენტარს ყოველდღიურად გააკეთებს. 

რატი ბრეგაძის თქმით, ამით წერტილი დაესმება დეზინფორმაციის გავრცელებას. 

მინისტრმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის დაკავების და პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა და ვერ გაუწიეს.

''მისი ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მისი  მოსალოდნელი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი ბევრად მაღალია. 

ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ექიმების დამატებითი ჯგუფებია მოწვეული, რომელიც მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.

ყოველდღიურად, მიზანმიმართულად, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს კომენტარს და ყველა დეზინფორმაციას დაესმება წერტილი. 

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში კი, ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე არის დაცული. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არის ძალიან მავნებელი და აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ'' - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

მისივე თქმით, თუ გახდება საჭირო კონსილიუმის მოწვევა, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინიტროს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა მე-12 დაწესებულებაში. მე-12 დაწესებულება არ არის სამკურნალო დაწესებულება, არამედ არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც სააკაშვილი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, არის ექიმების უფრო მჭდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი