ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ნათია თურნავას თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გაადწყვეტილია.
,,დღეს, სტატისტიკის სამსახურმა, საგარეო ვაჭრობის ოქტომბრის თვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საკმაოდ დადებითია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი არის გაზრდილი 31,4%-ით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ იმპორტის ზრდას გადააჭარბა. თუ ექსპორტი გაიზარდა 31,4%-ით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24%. ამას აღვნიშნავთ იმის გამო, რომ პირველი შედეგები გამოიღო უკვე ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე. ექსპორტის ზრდა არის დიდი შემომტანი ეკონომიკურ ზრდაში.
აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას და მეტი დასაქმება შევქმნათ ჩვენი პროგრამების მეშვეობით“, - განაცხადა თურნავამ.