არჩევნების მეორე ტურის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ

03 ნოემბერი 2021, 17:36 1323 ნახვა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრების უმეტესობა არ დააკმაყოფილა.  მათი განხილვა ოლქში უკვე დასრულდა. კომისიის წევრებმა დღეს 5 საჩივარზე იმსჯელეს, მათგან 4 სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ხოლო ერთი პარტია ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნოდა.

ოპოზიცია ბათუმის ოლქში შემავალი ყველა უბნის ბიულეტენისა და ხელმოწერების გადათვლას ითხოვდა, არასამთავრობო სექტორი კი მათგან რამდენიმეს. საჩივრების საფუძველზე ოლქმა გადაითვალა მხოლოდ მე-16 და 82-ე საარჩევნო უბნები. პირველში ერთით მეტი ბიულეტენი დაფიქსირდა და გადათვლის შედეგად გაირკვა, რომ საუბნო კომისიის წევრებმა ვერ დათვალეს ხელმოწერები. ხოლო მეორე შემთხვევაში შემაჯამებელ ოქმში მონაცემი იყო გადასწორებული - გადამოწმების შედეგად არაფერი შეცვლილა, მიღებული შედეგი იგივე დარჩა. 

თუმცა ოპოზიციამ დღეს  მეთექვსმეტე უბნის  გადამოწმებისას სამაგიდო სიებში იმ  სამი ამომრჩევლის ხელმოწერები აღმოაჩინა, რომელთაგან საოლქო კომისიის წევრის ინფორმაციით, ერთი გადასატან ყუთზე ფიქსირდებოდა,  ერთი სპეციალურ სიაში,  ხოლო ერთიც უცხოეთში იმყოფებოდა.  ასევე გაირკვა, რომ ოპოზიციის საჩივარში მითითებული კომისიის წევრი, რომელსაც უბანზე ამომრჩეველთა სია დაუფიქსირეს „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

ნაციონალური მოძრაობა და სამართლიანი არჩევნები ოლქის გადაწყვეტილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში