ბათუმში გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ უბნებში შეჭრას, მათი წარმომადგენლები კი, ხელს არ აწერენ შემაჯამებელ ოქმებს - ირაკლი ჭეიშვილი

31 ოქტომბერი 2021, 00:25 1001 ნახვა

ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ჰქონდათ მცდელობა გაეტაცებინათ ოქმები, მოვუწოდებ მათ დაემორჩილონ კომისიას და ხელი მოაწერონ შემაჯამებელ ოქმებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, დათვლილია ბათუმის 80-მდე უბანი, რომლის მონაცემებით არჩევნების მეორე ტურში, მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს.

"ბათუმში 105 უბნიდან დათვლილია სულ ბათუმის 80-მდე და ჩვენი კანდიდატი დაახლოებით 2 000-მდე ხმით უსწრებს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს. ჩვენი ოპონენტები არ ეგუებიან მარცხს. გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ უბნებში შეჭრას, საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან დესტრუქციას, ეს მათი სტილია, ზოგადად პარტია არის დესტრუქციული. საუბნო საარჩევნო კომისიებში კი მათი წარმომადგენლები ხელს არ აწერენ შემაჯამებელ ოქმებს.

მინდა, მივმართო მათ, როდესაც ჩვენ პირველ ტურში დაახლოებით 700 ხმით წავაგეთ ქალაქი, მაშინ ჩვენ ეს ვაღიარეთ. მათ აუცილებლად მოუწევთ ამ შედეგების აღიარება, რადგან ბათუმში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პირწმინდად წააგო.

მოვუწოდებ საუბნო საარჩევნო კომისიას დაემორჩილონ და შემაჯამებელ ოქმებს მოაწერონ ხელი, შესაბამისად არჩევნები იცნოს ლეგიტიმურად. იყო პროვოკაციები 20, 37-ე, 41-ე უბანზე, სადაც შეჭრას ცდილობდნენ გარედან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ჰქონდათ მცდელობა გაეტაცებინათ ოქმები. ცდილობენ დესტრუქციას და არ აპირებენ შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერას იმ უბნებზე, სადაც პირწმინდად წააგეს," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში