ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

07 ოქტომბერი 2021, 17:28 914 ნახვა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.

ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.- სთან ერთად მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"-აცხადებენ შსს-ში.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. 

მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს, აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი