აცრების საინფორმაციო კამპანია ​ საარჩევნო კამპანიაზე ინტენსიური უნდა იყოს - დავით სერგეენკო 

23 სექტემბერი 2021, 16:56 1292 ნახვა

''ვისურვებდი ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია იყოს იმაზე მეტი ინტენსივობის ვიდრე ახლა წინასაარჩევნო კამპანიაა, რადგან ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის'' - ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ აცრების რაოდენობა პრაქტიკულად განახევრებულია, რაც კარგი არ არის. 

რაც შეეხება ''ფაიზერის'' ვადებს და საფრთხეს, რომ მოქალაქეების პასიურობის შემთხვევაში მას ვადა გაუვა და გაფუჭდება, სერგეენკო განმარტავს, რომ საჭიროა აცრების გააქტიურება არა ვაქცინების დასახარჯად, არამედ ადამინების სიცოცხლის გადასარჩენად.

''ვაქცინაციასთან დაკავშირებით არის რამდენიმე მოცემულობა. პირველი ის, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა. ამას აქვს 200 წელზე მეტის გამოცდილება და კაცობრიობა იყენებს ამ მეთოდს ინფექციასთან საბრძოლველად. 

წლის დასაწყისში მოთხოვნა აღემატებოდა მიწოდებას და უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ვაქცინის დეფიციტი იყო. ახლა ამ მხრივ ვითარება სტაბილურია და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს. 

სამწუხაროდ აცრის რაოდენობა ბოლო კვირაში პრაქტიკულად განახევრებულია, რაც რბილად რომ ვთქვათ არ არის კარგი. 

მოსახლოებას ვაქცინის ვადასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება. ყოველთვის ვადიანი და ხარისხიანი ვაქცინით აიცრებიან. აქ საუბარია არსებული ვადიანი ვაქცინების გახარჯვაზე. არის მოცემულობა და საკმარისი დოზები, რომ დღეში  30-40-50 ათასმა ადამიანმა გაიკეთოს აცრა. 

საინფორმაციო კამპანია ყოველთვის არასაკმარისია. უბრალოდ აქსიომაა, ნებისმიერი კარგი კამპანიაც კი უნდა გაორმაგდეს, გასამმაგდეს'' - ამბობს სერგეენკო. 

 

 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი