ფერიაში მეწყერმა სამი სახლი დაანგრია - დაშავდა 33 წლის ქალი

22 სექტემბერი 2021, 13:11 7392 ნახვა

სოფელ ფერიაში მეწყერმა სამი სახლი დააზიანა. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები წაიღო. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ფეხზე ოპერაცია უტარდება. მას სახლის ჩამონგრევის დროს კედლის ნაწილი დაეცა. 

''მეწყერი ღამით, 4 საათზე ჩამოწვა. ხმაურის ხმა გავიგეთ. ის ოთახი წაიღო, სადაც ბავშვებს ეძინათ. მოვასწარით გამოყვანა და სხვა ადგილას გადასვლა. დაშავებულია რძალი, რომელიც  ერთი წლის შვილს გადაეფარა და კედლის ნაწილი ფეხზე დაეცა. ძვლები აქვს დამსხვრეული და ოპერაცია უტარდება'' - ამბობს ომარ ბოლქვაძე.

მისივე თქმით, აღნიშნულ სახლში ცხოვრება შეუძლებელია. ხელვაჩაურის მერია თვეში სამას ლარის გადახდას დაპირდა და ამ პერიოდში ახალი საცხოვრებელი აშენდება. 

მეწყერმა დააზარალა ანთაძეების ოჯახიც. 

''ზემოდან წამოსულმა მეწყერმა სახლი ჩაიტანა. ამ დროს მე და დედა სახლში ვიმყოფებოდით. საშინელება იყო, ცვიოდა  მინები, კარები, ფანჯრები. დედაჩემის ხმა გავიგონე, მაგრამ კარი ვერ გავაღე. ფანჯრიდან მომიწია გადასვლა და მისი გამოყვანა. მერე დავრეკე სამაშველო სამსახურში, სასწრაფოში ''- იხსენებს რამაზ ანთაძე. 

ფერიის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ბეგლარ აბაშიძე კი ამბობს, რომ მეწყრული პროცესების განვითარების რისკები ისევ არსებობს.

ხელვაჩაურში მეწყერი რამდენიმე სოფელში ჩამოწვა. დაზარალებულია შვიდი ოჯახი. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში