პირი, რომელმაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით 195 მოტოციკლი შემოიყვანა პასუხისგებაში მისცეს

21 სექტემბერი 2021, 10:17 1103 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საქართველოში შემოიტანა 228 150 ლარის ღირებულების 195 ერთეული მოტოციკლი, რომელთა დეკლარირებისას და რეალიზაციისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში და შესაბამის დოკუმენტაციაში დააფიქსირა შემცირებული მონაცემები მოტოციკლეტების ძრავის კუბატურობის მოცულობის თაობაზე, რა გზითაც თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადების სრულად გადახდას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპანიიდან ამოღებულია საბაჟო წესების დარღვევით იმპორტირებული 39 მოტოციკლი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 214-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში