ხმაური და დაპირისპირება იყო გოგოლის ქუჩაზე, სადაც სამშენებლო კომპანიამ კორპუსები უნებართვოდ ააშენა 

20 სექტემბერი 2021, 14:27 2963 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმში, გოგოლის ქუჩაძე, სადაც 7 მრავალსართულიანი კორპუსი სამშენებლო კომპანიამ უნებართვოდ ააშენა.  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოპოზიციასა და მშენებლობის ზედამხედველებს შორის.

გოგოლის ქუჩაზე მობილიზებულია პოლიცია. 

"სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უნგრევენ საცხოვრებელ სახლებს, ვისაც უნებართვოდ აქვთ აივანი მიშენებული უნგრევენ და ამ დროს გაურკვეველი ტიპის, გასაიდუმლოებული, ყაზარმული შენობები შენდება ბათუმში. მერიაც ადასტურებს, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა და კიდევ მოქალაქეები ვდგებით დისკრიმინაციულ, ჩაგრულ პოზიციაში ხელისუფლების მხრიდან.

გამოვიდნენ და გვითხრან  შესაბამისმა ორგანოებმა რა არის ეს, ამ ყაზარმულ შენობებში რა უნდა გაკეთდეს? კვლევითი ლაბორატორია უნდა გაკეთდეს, სამხედრო კვლევითი ცენტრია თუ რა არის? სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტი, ვიძახებთ  შესაბამის ორგანოებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ არის უკანონობა, თუმცა ვერ აჩერებენ, იმიტომ, რომ თავზე გადაგვახიეს  საქართველოს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და ყველანაირი კანონი"- განაცხადა გენრი დოლიძემ.

უკანონო მშენებლობის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს. 

ბათუმის მერიამ განაცხადა, რომ კომპანიას მშენებლობის უფლება არ ჰქონდა. 

''მეტრო ჰოლდინგის'' უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა კი განაცხადა, რომ ისინი გოგოლის ქუჩაზე 2 500 ნომრიან სასტუმროს აშენებენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი