აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკი

17 სექტემბერი 2021, 11:50 10830 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა - მათ შორის ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. 

ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნების 4 და  საქართველოს ერთი მოქალაქე. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ.

''სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“.

პოლიციამ ბრალდებული თ.დ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული, „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ა.გ.-ს, იგი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ბათუმში დააკავეს ვ.კ. და ო.პ., რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვ'' - აცხადებენ შსს-ში. 

დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი