დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ კვირას სერიოზულად შეისწავლეს, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში აცრის მაჩვენებლები როგორც ერთჯერადად აცრილების, ასევე ორჯერადი აცრის მაჩვენებელი და ის არსად 100% არ არის.
"გეტყვით, რომ დიდი განსხვავება არც არის, არის 5-7%-იანი განსხვავება საჯარო და კერძო სექტორს შორის აცრების მაჩვენებლების მხრივ და ორივეგან ეს მაჩვენებელი არის 60%-ზე დაბალი ორჯერადად აცრილებში, მე საშუალო მონაცემებს გეუბნებით. ფაქტია არ არის მაღალი მაჩვენებელი, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს კვირა და მომავალი კვირა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული აცრებისთვის. ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს და ჩვენი ცენტრი ადასტურებს, თავის მზაობას, რომ კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს სწავლის აღსადგენად.
სასურველია, რომ სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80% მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის. როცა ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ , კეთილი ინებონ მშობლებმა და ბავშვის ოჯახის წევრებმა, აუცილებლად ისინიც უნდა იყვნენ აცრილები. ამ შემთხვევაში განიხილება სწავლის აღდგენა და აუცილებლად უნდა აღდგეს სწავლა კლასებში"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საჯარო სკოლების მთელი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, აქედან სრულად აცრილია 33%. პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%. კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთ დოზით აცრილია 64%, ხოლო სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში - 70%.
"ყველაზე დაბალია აცრის მაჩვენებელი სტუდენტებში. ჩვენ დავთვალეთ ბაკალავრებში, მაგისტრებსა და დოქტორანტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი და ის გახლავთ მხოლოდ 17%“, - აღნიშნა გამყრელიძემ.