უხვი ნალექის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

03 სექტემბერი 2021, 10:43 1754 ნახვა

უხვი ნალექის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

სოფელ ქობულეთში ჩამოწოლილმა მიწის მასამ ხე მოგლიჯა და  საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც გადაადგილება შეფერხებულია.

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ბობოყვათში, კონცელიძეებსა და კვირიკაულში. აქ მიწის მასამ და ლოდებმა საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა. მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ადგილზე აჭარის საგზაო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად დატბორილია ქალაქის რამდენიმე მონაკვეთიც.

 

ქობულეთის მერის განცხადებით ზარალის შესწავლა და დაზარალებული ოჯახების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები.

"ქობულეთში ინტენსიური ნალექის შედეგად ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

სამაშველო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. კრიტიკულ ზღვარზეა მდინარე აჭყვა, თუმცა ყველა საჭირო ღონისძება ხორციელდება. მუშაობს გადამქაჩი და სანიაღვრე სისტემა. ქალაქის ტერიტორიაზე მდგომარეობა სტაბილურია.

რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები: ეს არის, ხალა, კვირიკე, ბობოყვათი, ლეღვა.  მერიაში მუშაობს ცხელი ხაზი. მერიის სამსახურები საგზაოსთან ერთად სრული დატვირთვით მუშაობენ, რომ სწრაფად აღმოფხვრას პრობლემები და მოსახლეობას მიადგეს ნაკლები ზიანი. შტაბი შეიკრიბება კიდევ ერთხელ მოგვიანებით და შევაჯამებთ არსებულ ინფორმაციას.

ზარალის შესწავლა მიმდინარეობს და დაზარალებული ოჯახების იდენტეფიცირება. ჯერ ზუსტ ციფრზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ოპერატიულად  დავეხაროთ"- განაცხადა მირიამ ქათამაძემ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი