ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

30 აგვისტო 2021, 12:11 1707 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვებგვერდზე შეუძლიათ.

''იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. 

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.

საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ - გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333'' - წერია ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში. 

უწყების ცნობით, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებული პირების 76%-ზე მეტია.

სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6500-ზე მეტ  სტუდენტზე,  სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4 200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი  38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში