ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 2 პირი

24 აგვისტო 2021, 13:08 8202 ნახვა

"იზრუნეთ ხალხზე", "მკვლელი მერია"-ამ ბანერებით ბათუმში, მაიაკოვსკის  55 ნომერში, 24-ე კორპუსში მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე რამდენიმე წუთით სიტუაცია დაიძაბა, მოსახლეობა პოლიციის მოთხოვნას, რომ გზა არ გადაეკეტათ არ დაემორჩილა, რის გამოც აქციაზე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს.

მათი განცხადებით, ისინი უკვე წლებია ავარიულ კორპუსში ცხოვრობენ და საფრთხის ქვეშ არიან. ჭერიდან ცვივა ბათქაში, კედლები კი დაბზარულია.

"მერიას საკუთარი მოქალაქეები არ ანაღვლებს. ბოლოს 5 თვის წინ მივმართეთ, ყოველ დღე იშლება ჭერი, კედლები. ხალხს როდის გაუთენდება აქ არ იციან, მუდამ შიშის ქვეშ არიან. მერიის მხრიდან არის ნული ყურადღება. სამხრივი შეთანხმება იყო. მერიამ მოიძია კომპანია,  კომპანიას ჩაურიცხა თანხები, თუმცა შემდეგ ვალდებულებების შესრულება არ მოჰკითხა. სახლის მშენებლობა თითქმის ერთი წელია გაჩერებულია.

 

მერიას წერილობითაც მივმართეთ, რომ ქუჩაზე ტრაილერების მოძრაობა მაინც შეზღუდოს, რადგან ისედაც ავარიულია სახლის მდგომარეობა და მათი მოძრაობის შედეგად კიდევ უფრო მძიმდება"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივების განმარტებით, ბათუმის მერიაში მათ დახმარებას ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაჰპირდნენ, უთხრეს, რომ აბუსერიძის ქუჩაზე კორპუსი აშენდებოდა, სადაც ისინი ფართებს მიიღებდნენ, თუმცა მათივე განმარტებით, აღნიშნული დაპირებად დარჩა და კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს უნდა დასრულებულიყო დღემდე დაუსრულებელია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ, რომლის თანახმადაც კორპუსი ავარიულია. ისინი მერიისგან დახმარებას, პირობის შესრულებას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ.

ადგილზე ერთ-ერთი დაკავებულის დედის დასახმარებლად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა და უწყების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

განახლება 17:35 - რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ აქციაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი