პროკურატურამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა

05 აგვისტო 2021, 11:16 608 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მცხეთაში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე თ.ნ.-ს, ზ.ს.-ს, შ.შ.-ს და გ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, თ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ზ.ს.-სთან, შ.შ.-სთან და გ.თ.-სთან ერთად ა.რ.კ.-ს აღუკვეთა თავისუფლება.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ა.რ.კ. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ კასპში, ზ.ს.-ს სახლში წაიყვანეს, სადაც დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა თ.ნ., ზ.ს., შ.შ. და გ.თ. 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე  მიმართა.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი